პროპორციული საარჩევნო სისტემა

ევროპული საქართველო პროპორციულ არჩევნებზე კანონპროექტს არსებული სახით დაუჭერს მხარს

სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად უმრავლესობის მეირ მომზადებულ კანონპროექტს ევროპული საქართველო მხარს დაუჭერს.

"მიუხედავად ცალკეული პრობლემებისა, რომელსაც მკაფიოდ ვხედავთ წარმოდგენილ კანონპროექტში, მაგალითად, ნულოვან ბარიერთან, ბლოკების აკრძალვასთან დაკავშირებით; მიუხედავად იმ რთული მოლაპარაკებებისა, რომელიც მიმდინარეობს თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, პარტიების დაფინანსების წესზე, საარჩევნო უბნებზე არსებულ მდგომარეობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციებზე, მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ევროპული საქართველო უფრთხილდება და აფასებს საზოგადოების დიდ მიღწევას და ამიტომ, საპარლამენტო კენჭისყრის დროს, წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს ეყოლება ევროპული საქართველოს წევრი დეპუტატებისგან", - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის საზოგადოების და იმ ახალგაზრდების გამარჯვება, ვინც 21 დღეა ქუჩაში დგას, ასევე, იმ ადამიანების გამარჯვება, ვინც ხელი მოაწერა პეტიციას პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ.

​"ეს არის მთელი ჩვენი საზოგადოების გამარჯვება, ყველა იმ ადამიანის, ვისაც უნდა, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი და ნორმალური არჩევნები. ჩვენ, პარტიული ინტერესის გამო არანაირი უფლება არ გვაქვს კითხვის ნიშნის ქვეშ და ეჭვის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი საზოგადოების წარმატება და მიღწევა", - ამბობს ბაქრაძე.

ის პარლამენტს მოუწოდებს დროულად დაიწყონ საერთო სახალხო განხილვები, მოიწვიონ პარლამენტის სხდომა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ხანგრძლივი პროცესია.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის შემდეგ რუთაველის გამზირზე დაწყებული აქციების ერთერთი მთავარი მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილება იყო. 4 დღიანი პროტესტის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 2020 წლის არჩევნები მაჟორიტარულის ნაცვლად სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 

ოპოზიცია დიდი ხანია ითხოვდა დაარჩევნო სისტემის შეცვლას, თუმცა ხელისუფლებას პროპორციულზე გადასვლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჰქონდა დაგეგმილი. 

აღსანიშნიავია, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნებში არ ყოფილა პროპორციული არჩევნების 0%-იანი ბარიერით ჩატარება, თუმცა ქართული ოცნების შემოთავაზებული ვერსიით საარჩევნო ბარიერი 0% იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას, დაახლოებით, 12 000-დან 15 000-მდე ამომრჩევლის ხმა სჭირდება იმისთვის, რომ პარლამენტში 1 ადგილის მოპოვება მაინც შეძლოს.

ამასთან, პარტიებს აკერძალებათ ბლოკებად გაერთიანება, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს ის პარტიები მიიღებენ, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ხმა სჭირდებათ მომდევნო მანდატის მისაღებად.

ცვლილება 2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულების მე-2 მუხლის მე-9 პუნქტში შედის, რომელიც საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთჯერადად შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნების საკითხს შეეხებოდა. 

კანონპროექტი შესახებ დეტალურად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები