თბილისის მერმა, პრემიერმინისტრთან ერთად, განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას მერის მოადგილეები, გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს სხვა წევრები დაესწრნენ. ბაღში, მუსიკოს დათო ევგენიძის კონცერტი გაიმართა. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის დასაწყისში შექმნილი ხარვეზების მიუხედავად, პროექტი წარმატებით განხორციელდა და დედაქალაქს "კიდევ ერთი სრულად მოწესრიგებული" რეკრეაციული სივრცე შეემატა.
"დღეს დასრულდა მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თავიდან ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირებით, რადგან კომპანიამ, ფაქტობრივად, ვერ შეასრულა ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები. ამდენად, მოგვიწია ახალი კომპანიის შემოყვანა. იყო გარკვეული უკმაყოფილება მოსახლეობის მხრიდან რეაბილიტაციის გაჭიანურებასთან დაკავშირებით, რაც სრულად გასაგებია ჩემთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს სრულად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი ბაღი, სადაც ყველაფერი განახლებულია. აღდგენილია შადრევანი, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო. ასევე, მოწესრიგდა გარე განათების სისტემა და ბაღის ტერიტორია ახალი ნარგავებით გამწვანდა. რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საზეიმო ღონისძიების პარალელურად, მრგვალ ბაღთან სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა 20 ივნისის მოვლენები გააპროტესტა. მათი თქმით, მანამ, სანამ გიორგი გახარია არ გადადგება, ახალგაზრდები ყოველთვის შეუქმნიან ხელისუფლების წარმომადგენლებს დისკომფორტს. აქტივისტები მრგვალ ბაღთან თვალზე ხელაფარებულები იდგნენ. მათ ნაწილს თვალზე სახვევები ეკეთათ წარწერით: "საქართველოს 20% ოკუპირებულია".
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა ბაღის ინფრასტრუქტურა: შეიცვალა გარე განათების სისტემა; მიწისქვეშ მოექცა საკომუნიკაციო კაბელები; ავტორის თანხმობითა და მონაწილეობით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შადრევანს - "პატარა უფლისწული", ხოლო მის ირგვლივ მოეწყო დრენაჟის ფუნქციის მქონე ბუნებრივი ქვების კომპოზიტური საფარი; დამონტაჟდა სკამები განათებით, ასევე, დეკორატიული სანათები; საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდა ტრავერტინის ფილებით.
"დაიგო 1000 მ2 რულონური ბალახი, ჩატარდა მულჩირების სამუშაოები, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაირგო შემდეგი სახეობის ბუჩქები: ფოტინია, ლორო ტეტალუმი, წყავი, ფიტო სპორუმი, უთხოვარი, წყავი და ჭყორი" - აღნიშნავს მერია.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით შპს "გრინსერვის+“-მა შეასრულა. პროექტში ჩართული იყო გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, თბილსერვის ჯგუფი და ეკოსერვის ჯგუფი. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დახარჯა.