შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. აბიტურიენტებს ჩარიცხვებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაციის ნახვა ცენტრის ვებ-გვერდზე შეუძლიათ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თქვა, უმაღლეს დაწესებულებებში ჩაბარების მსურველთაგან წელს 71%, 28 740 აბიტურიენტი, ჩაირიცხა. როგორც ცენტრში აცხადებენ, აბიტურიენტებმა წელს შედეგი გააუმჯობესეს. 2018 წელს უმაღლეს დაწესებულებებში ჩარიცხვის მსურველთაგან 69%-მა ჩააბარა.
წელს სახელმწიფო გრანტი დაახლოებით 6546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ამათგან, 100%-იანი დაფინანსება 1011-მა აბიტურიენტმა, 70%-იანი დაფინანსება 1451-მა აბიტურიენტმა, 50%-იანი დაფინანსება კი 4043-მა აბიტურიენტმა მიიღო. ისევე, როგორც შარშან, ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი ყველაზე პოპულარული მიმართულებებია.