რომან გოცირიძე

გოცირიძე NDI-ზე: ხალხი ითხოვს ცვლილებას და ამ ცვლილებას მოითხოვს ხელისუფლების შეცვლით

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი განწყობების უკანასკნელი კვლევა შეაფასა და თქვა, რომ ხალხი ცვლილებას ითხოვს, რადგან გამოკითხვაში ასახულ უარყოფით შედეგებზე ხელისუფლება არის პასუხისმგებელი.

"ამ კვლების მთავარი განწყობილება არის ერთი რამ, რომ ხალხი ითხოვს ცვლილებას და ამ ცვლილებას ხალხი მოითხოვს ხელისუფლების შეცვლით. ვინაიდან, ამ გამოკითხვით ხელისუფლება არის დამნაშავე თუ პასუხისმგებელი იმ უარყოფით ეკონომიკურ შედეგებზე, რომელსაც იგი გამოკითხვაში აფიქსირებს," - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

გოცირიძის თქმით, ეს ხელისუფლების მუშაობის ნეგატიური შეფასების ისტორიული მაქსიმუმია, ხოლო ის 18%, რომელიც თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები არიან - "ამაზე უარესი გამოკითხვა არ ყოფილა ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში. უკვე მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით და ეს არის ისტორიული მაქსიმუმი ქვეყნის ხელისუფლების მუშაობის შეფასებისა, ნეგატიური შეფასებისა. მხოლოდ მოსახლეობის 18% ამბობს, რომ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. ეს 18% არის სწორედ ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კოორდინატორებად, მუშაობენ არჩევნებში, გაფორმებულები არიან სხვადასხვა სამსახურებში, თავს ბედნიერად გრძნობენ და ეს 18% რეალურად არის ისტორიული მინიმუმი ხელისუფლების დადებითად შეფასებისა. კატასტროფულია ერთი მაჩვენებელი, რომლითაც ყველაფერი აიხსნება, დანარჩენი რაც ნეგატიური შეფასების კუთხით მოდის".

რომან გოცირიძემ მოსახლეობის დაბალ შემოსავალზეც ისაუბრა და თქვა, რომ გაუფასურებული ლარის პირობებში მოსახლეობის ნახევრის შემოსავალის მაჩვენებელი ქვეყნის უკიდურეს სიღატაკეში ყოფნაზე მიუთითებს.

"მოსახლეობის ნახევარი ამბობს, რომ მისი შემოსავალი არის 500 ლარამდე. ანუ ეს შეიძლება იყოს 200, 300 და 500 ლარი. ამ გაუფასურებული ლარის პირობებში რა არის 500 ლარი ყველას წარმოუდგენია. ეს 500 ლარი არ არის ის, რაც იყო 2 წლის წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ჩავარდა უკიდურეს სიღატაკეში. ეს სიღარიბეც კი არ არის," - ამბობს გოცირიძე.

საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილებაა 1.7%.

NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით. საველე სამუშაოები ჩაატარა CRRC–საქართველომ.

კომენტარები