ძალადობრივი ჯგუფების აქცია

არა ფობიას: აქციის ორგანიზატორებისადმი დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაზე

ლევან ვასაძე და სანდრო ბრეგაძე

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას" ეხმაურება 2019 წლის 8 ნოემბერს კინო "ამირანთან"  განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ  სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეების აღსაკვეთად საკმარისი არ იყო. 

"მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გამოავლინოს შესაბამისი ძალისხმევა და მკვეთრი პოლიტიკური ნება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, აუცილებელია გატარდეს ღონისძიებები ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების მზარდი ტენდენციის წინააღმდეგ, რაც  აღვივებს დაპირისპირებას საზოგადოებაში და ქმნის დაუცველ და არატოლერანტულ გარემოს," - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე უარყოფითად აფასებენ ხელისუფლების უყურადღებობა ფილმის პრემიერამდე ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების განცხადებების მიმართ, რომლებიც საჯაროდ იმუქრებოდნენ და მხარდამჭერებს კინოჩვენების ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ.

"აღნიშნულ განცხადებებზე ხელისუფლების მხირდან რეაგირებას და სულ მცირე გამოძიების დაწყებას შესაძლოა პრევენციული ეფექტი ჰქონოდა და ხელი შეეშალა ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისთვის."

არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების შემწყნარებლური დამოკიდებულება უფრო მეტად ახალისებს აგრესიას და სახიფათო ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერებას უწყობს ხელს. 

"არსებულ ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ძალადობრივი ჯგუფების შესაძლო კავშირები რუსეთთან და ხელისუფლების ორგანოების ინერტულობა იმ საფრთხეების მიმართ, რაც ასეთი ჯგუფების გაძლიერებას შეიძლება ახლდეს თან. მაგალთად, შეკრების დროს განსაკუთრებით აქტიურობდა საქართველოში პრიმავოკის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე," - წერია განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორი მოუწოდებს სამართალდამცავებს: დაიწყოს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით 8 ნოემბრის ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორების მიმართ. ასევე, გამოკვეთოს სიძულვილის მოტივი ჩადენილი თითოეული დანაშაულის შემთხვევაში და შესაბამისი მოტივით ეფექტიანად წარიმართოს გამოძიება, რამაც საბოლოო ჯამში თითოეული დამნაშავის დასჯა უნდა უზრუნველჰყოს; შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაატაროს ადეკვატური და ქმედითი ზომები 9 და 10 ნოემბერს დაგეგმილი კინოჩვენების სეანსების მშვიდობიანად ჩატარების მიზნით;

ასევე მოვუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს წინდახედულობა, უარი თქვას ძალადობრივი ჯგუფების მიართ შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე, შეიმუშავოს პოლიტიკა ამგვარი ჯგუფების გაძლიერების შესაჩერებლად და საზოგადოებაში უსაფრთხო, ტოლერანტული გარემოს დასამკვიდრებლად.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მედიის განვითარების ფონდი

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი

კომენტარები