პოლიტპატიმრები

თალაკვაძე ევროპარლამენტარებზე: მათი ნაწილი არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პარტნიორი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევრონესტის თანათავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის, ნათქვამს გამოეხმაურა, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები პოლიტიკურად იდევნებიან. 

თალაკვაძე ამბობს, რომ ეს სია ასამბლეის წევრებს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ოპოზიციის ნაწილმა მიაწოდა. 

თალაკვაძის თქმით, ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტში, ევრონესტის ასამბლეაშიც მუშაობენ პოლიტიკოსები. 

"მათი ნაწილი არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პარტნიორი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ვინ შეძლებს თავისი ინფორმაციის მიწოდებას უფრო სწრაფად, უფრო დამაჯერებლად, რეალურად ამ პროცესში ვართ," - ამბობს თალაკვაძე. 

კითხვაზე გაითვალისწინებს, თუ არა ქართული ოცნება ევროპარლამენტარების რეკომენდაციას, გაათავისუფლონ პოლიტმატიმრები, თალაკვაძე პასუხობს, რომ ადამიანების დაკავებასა და გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები არ იღებენ. 

"გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები იმის მიხედვით, თუ ვინ რა შემთხვევაში დაარღვია კანონი, ან არ დაარღვია,"- ამბობს თალაკვაძე.

ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან.

კუბილიუსმა თქვა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს. 

კომენტარები