ბატონო ქალაქის მერო,
ძალიან ცუდია, თუკი ფიქრობთ, რომ ახალი წლის ნაძვის ხე ვინმემ იმის გამო დაიწუნა, რომ ბუნებრივსაა მიმსგავსებული. საქმე იმაშიც არაა, რომ ვისურვებდი ნაძვის ხის ფორმები უკეთესი ყოფილიყო. მოდით, ჩავთვალოთ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ. თქვენ გემოვნების განვითარების სხვა გზა გაქვთ გავლილი, ტრენდებზე უფრო მეტი იცით. მე და დანარჩენი რიგითი მოქალაქეების გემოვნებაზე სულ სხვა ამბებმა იქონიეს გავლენა და ამიტომაც სხვა რამ მოგვწონს.
იმაზეც კი არ ვიწუწუნებდით, რომ ამდენი დაჯდა თბილისის ნაძვის ხე და არც ნიუ იორკის კრისტალებით მორთულ ნაძვს შევადარებდით, რომელშიც 12-ჯერ ნაკლები გადაიხადეს (მაპატიეთ ჩემი არითმეტიკა), თუკი ეს თანხა იქნებოდა ქართულ პროდუქციაში გადახდილი... თუკი გვეცოდინებოდა, რომ ამ ნაძვის შექმნაში ქართველი ხელოვანები მუშაობდნენ და თანხა, რომელიც ჩვენი გადასახადებიდან იხარჯება, ისევ ამ ქვეყანაში დარჩა...
არც ის მგონია, რომ ნაძვის ხის სიგრძე-სიგანის კომენტარებით მოხიბლეთ თუნდაც საკუთარი მხარდამჭერები. უფრო მეტიც, თუკი ვინმე გეგულებათ ისეთი, ვისაც სხვისი აუგად მოხსენიების გამო უნდა თქვენი მხარდაჭერა, სწორედ მათზე უნდა გათვალოთ ყველა პოზიტივი, თუკი ნამდვილად ხელისუფლებაში გრძნობთ თავს. თორემ შუა თითის ჩვენება, გამოქანება და უფრო უარესებიც იციან აგერ დიღმის ბირჟაზეც... ოღონდაც ისინიც კი, როცა ახლობელი და წესიერი ადამიანი ეგულებათ მათი გინების გამგონე, თავს იკავებენ ბილწსიტყვაობისაგან. ცდილობენ, არც თავს აკადრონ და არც სხვას.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ