კონგრესმენების წერილები

უგულავა: მთავრობა საელჩოთი შევიდა ძველბიჭურ დაპირისპირებაში აშშ-ის კონგრესთან და სენატთან

ტაბულა

"როგორც ჩანს ქართული ოცნება მუღამში შევიდა და ამ ჩხუბების მერე გადაწყვიტა, კონგრესმენების და სენატორების პასუხად "იძველბიჭოს"," - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების წერილებზე პასუხებს ეხმაურება, კონკრეტულად კი ამერიკაში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებას. 

"რისი პირდაპირი შედეგი არის ელჩი ბაქრაძის განცხადება, რომ ტონი არ მოეწონათ თურმე კონგრესმენების, ისევე როგორც გახარია იძახის, რომ მეგობრები წერილებით არ საუბრობენ. საქართველოს მთავრობა, თავისი საელჩოთი ოფიციალურად შევიდა ძველბიჭურ დაპირისპირებაში ამერიკის კონგრესთან და სენატთან, როდესაც რაღაც ტონებზე ლაპარაკობენ, იმის მაგივრად, რომ ისაუბრონ იმ შინაარსზე, რა შინაარსმაც გამოიწვია ასეთი მკაცრი და კატეგორიული ტონი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სრულიად არაადეკვატურია ქართული ოცნება, საერთოდ განზომილებასაც ვერ ხვდება რამხელა პრობლემაში შეყო თავი," - ამბობს უგულავა.

მისივე თქმით, ოცნება ღიად შევიდა ამერიკასთან დაპირისპირებაში და ეს მხოლოდ რუსეთს აძლიერებს და აწყობს. 

"თუ გავითვალისწინებთ ფეისბუქის აღმოჩენას, რომ ივანიშვილი ერთი ხელით სადღეგრძელოებს ეუბნება დასავლეთს და მეორე ხელით ძირგამომთხრელ საქმიანობას და ანტიამერიკულ პროპაგანდას აფინანსებს, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარების ნაცვლად გადაწყვიტა იბაქუბუქოს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან სახიფათო," - ამბობს უგულავა.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე კრიტიკული წერილი საქართველოს მთავრობას და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას 7-მა კონგრესმენმა, ასევე სენატორმა როჯერ ვიკერმა გამოუგზავნა.

ამერიკაში საქართველსო ელჩმა დავით ბაქრაძემ კი თქვა, რომ მიუღებელია კონგრესმენების ტონი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავენ. 

კომენტარები