შეცვალე

შეცვალე: ჩვენს წევრებს "ოცნების" აქტივისტები დაესხნენ თავს, პოლიციამ თვალი დახუჭა კრიმინალზე

ახალგაზრდული მოძრაობის "შეცვალე" ინფორმაციით, მათ წევრებს ჩხოროწყუში ქართული ოცნების აქტივისტები დაესხნენ თავს. მათივე მტკიცებით, ფაქტს ორი პოლიციელი შეესწრო, თუმცა, მათ "კრიმინალზე თვალი დახუჭეს". ახალგაზრდული მოძრაობა მოუწოდებს შსს-ს, დროულად ჩაატაროს გამოძიება და დასაჯოს დამნაშავეები.

"ქართული ოცნების კრიმინალური, ძალადობრივი მმართველობა გრძელდება. დღეს გვქონდა პირველი აქცია გოგა გულორდავას ბიუროსთან ჩხოროწყუში, სადაც გავაპროტესტეთ ქართული ოცნების დეპუტატების ჯუმბერ იზორიასა და გოგა გულორდავას კრიმინალური საქმიანობა. მათ ვერ აიტანეს სამოქალაქო ატივისტების აქცია და მისი დასრულებიდან რამდენიმე საათში, მოძრაობა შეცვალეს წევრებს: ოთო შენგელიას, ირაკლი ნაჭყებიასა და ნუკრი ცქვირიშვილს თავს დაესხა ორი პიროვნება. ერთერთი თავდამსხმელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მრჩევლის ძმა - ნუკრი გოგუა იყო, რომელზეც განგვიცხადეს, რომ დაკავებულია. მეორე თავდამსხმელი არ არის დაკავებული. თავდასხმის ფაქტს შეესწრნენ ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლები: გია ჯალაღონია და თირნიკე შელია, რომლებმაც თვალი დახუჭეს კრიმინალზე" - აცხადებს "შეცვალე".

შსს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ჩხოროწყუში მოძრაობა შეცვალეს აქციის შემდეგ, ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობის ბრალდებით (სსკ-ის 126-ე მუხლი) ერთი პირი დააკავეს. უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ ჩხოროწყუშივე, კიდევ ერთი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, "ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა" ჩაიარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა "პირს ან პირებს".

კომენტარები