კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: რეანიმაციაში 8 ინფიცირებული გვყავს, თითოეული მათგანის მდგომარეობა მძიმეა

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 75 პაციენტი მკურნალობს. 

როგორც კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რეანიმაციაში ამ დროისთვის 8 პაციენტია და მათი მდგომარეობა მძიმეა. 

"რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი. მათგან 5 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავს. მინდა, გითხრათ, რომ თითოეული მათგანის მდგომარეობა მძიმეა,"- ამბობს ლევან რატიანი. 

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, რატიანის განმარტებით, ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არიან. როგორც რატიანი ამბობს, 37 პაციენტს რესპირატორული დისტრესიით გამოწვეული პნევმონია აქვს და მაღალსიხშირულ ჟანგბადის პარამეტრებზე იმყოფებიან. 

"გვყავს ერთი ორსული, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ველოდებით 14 დღის გასვლას პროტოკოლის მიხედვით, რომ გადამოწმდეს მისი მდგომარეობა და გაეწეროს სახლში. ასევე გვყავს 3 მოზარდი, ისინიც სტაბილურები არიან. იმედია, რამდენიმე დღეში დადგება მომენტი, როცა ისინი სახლში გაეწერებიან," - თქვა რატიანმა. 

კლინიკის დირექტორის თქმით, გუშინ, 14 აპრილს საუნივერსიტეტო კლინიკამ 11 ახალი ინფიცირებული მიიღო და მათგან რამდენიმე ექიმია. 

"არც ექიმები ვართ დაცულები ამ დაავადებისგან. რომ გადავრჩეთ, უნდა დავრჩეთ სახლში და ვიყოთ სოციალურად სიტანცირებულები,"- მოუწოდა რატიანმა მოსახლეობას. 

15 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 306 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა. 

21 მარტიდან ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. ამასთან ამოქმედებულია ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია გადაადგილება საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე და 3 ადამიანზე მეტის შეკრება. 

14 აპრილს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი შეზღუდვების მიღების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 15 აპრილს საღამოს 21:00 საათიდან 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში 10 დღით აიკრძალება შესვლა და გამოსვლა. ამასთან, მთავრობა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების ინიციატივით გამოვიდა. 

სრული საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული მარნეულის, ბოლნისისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, ასევე ქობულეთის სამ სოფელში. 

კომენტარები