კორონავირუსი

რააბი: დარწმუნებულები ვართ, თვის ბოლოს დღეში 100 000 ტესტის ჩატარება შეგვეძლება

დომინიკ რააბი
inews

ბრიტანეთის საგარეო მდივანმა, დომინიკ რააბმა, განაცხადა, რომ მთავრობა დარწმუნებულია, თვის ბოლომდე დღეში ახალი კორონავირუსის 100 000 ტესტის ჩატარებას შეძლებენ.

"მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გქონდეს მიზანი და ამ მიზნისკენ მიდიოდე. ჩვენ კარგი პროგრესი გვაქვს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიზანს მივაღწევთ," - განაცხადა დომინიკ რააბმა, რომელიც ამჟამად ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონის, მოვალეობას ასრულებს მანამ, სანამ პრემიერმინისტრი ახალი კორონავირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდება.

ტესტების მიზანი როგორც დაინფიცირებულების ამოცნობა, ისევე იმის გარკვევა იქნება, გამოიმუშავა თუ არა ანტისხეულები და სავარაუდოდ, იმუნიტეტი უკვე დაინფიცირებულმა ადამიანმა.

ამავდროულად, ბრიტანეთის ჯანმრთელობის მდივანმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ 23 აპრილიდან ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის ვაქცინის გამოცდას დაიწყებდნენ. 

ჰენკოკმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ვაქცინის წარმოების შესაძლებლობებშიც დებს ინვესტიციას - "იმ შემთხვევაში, თუ ამ ვაქცინიდან რომელიმე უსაფრთხოდ მოქმედებს, ჩვენ შეგვეძლება ბრიტანელი ხალხისთვის ეს რაც შეიძლება სწრაფად ხელმისაწვდომი გავხადოთ".

ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 21 აპრილს ბრიტანეთში 18 206 ტესტი ჩატარდა, ჯამში - 535 342. ახალი ვირუსი 129 044 პირს დაუდასტურდა, აქედან 17 337 გარდაიცვალა.

კომენტარები