კორონავირუსი საქართველოში

თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში საკარანტინო რეჟიმს პოლიცია და თავდაცვის ძალები გააკონტროლებენ

თეთრიწყარო

დღეს, უწყებათაშორისმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოექცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდვებს შსს-ს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.

მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მაცხოვრებლებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. ასევე, რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გამოსასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.

თეთრიწყაროს რაიონული ცენტრის მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოქცევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც გამოვლინდა, რომ თეთრიწყაროში კორონავირუსის 19 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 15 კი სამედიცინო პერსონალია. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 485-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 139 და გარდაიცვალა 6 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 4 928 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522.

კორონავირუსის გამო, საქართველოში 22 მაისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება. ასევე, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილებას კრძალავს. დაკეტილია ყველა მაღაზია, გარდა სურსათისა და სააფთიაქო ქსელებისა. ონლაინვაჭრობა შეზღუდულად მიმდინარეობს.

კომენტარები