სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში

ბოკერია: არასწორად, არაკორექტულად მიგვაჩნია უკრაინის შიდა პოლიტიკური მოვლენის კომენტირება

ტაბულა

"პრინციპულად არასწორად, არაკორექტულად და საქართველოს ინტერესებისთვის საზიანოდ მიგვაჩნია უკრაინის შიგნით მიმდინარე, ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენის კომენტირება და რაღაც პოზიციის დაკავება", - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე საუბრობს.

ბოკერია ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ უკვე საკმარისზე მეტი ზიანი მიაყენა ქვეყნის ინტერესებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასაც ასევე, როგორც წლების განმავლობაში, ისე ბოლო დღეებში გაკეთებული კატასტროფული განცხადებებით.

"არავინ, არცერთი პასუხისმგბელობის მქონე პოლიტიკური ძალა მათ არ უნდა აჰყვეს. უკრაინის შიდა საქმე არის უკრაინის შიდა საქმე და საქართველოს შიდა საქმე არის საქართველოს შიდა საქმე. ორ ქვეყანას შორის უერთიერთობა არის პრაგმატულად მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნის მომავლისთვის", - ამბობს ბოკერია.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილმა თქვა, რომ მზადაა, მიიღოს ეს წინადადება. მისი დანიშვნის შესახებ უკრაინის პარლამენტში კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე პრემიერი გახდება, შესაძლოა უკრაინასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედოს.

დღეს, 28 აპრილს, უკრაინულ მედიაში გავრცელდება ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უმაღლესი რადადან უკან გაიწვია.

კომენტარები