სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში

კაპანაძე: ზურაბიშვილის განცხადება სააკაშვილზე კიდევ ერთხელ აჩვენებს მის უპასუხისმგებლობას

პირველი არხი

სერგი კაპანაძის იქნებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად არჩევის საკითხზე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს მის უპასუხისმგებლობას.

კაპანაძის თქმით, ზურაბიშვილი თავისი შეფასებებით პირდაპირ ერევა პარტნიორი ქვეყნის შიდა საქმეებში და ფიქრობს არა საქართველოს, არამედ ქართული ოცნების პარტიულ ინტერესებზე.

"რომელიც მზად არის, ამას ქვეყნის ინტერესები გადააყოლოს და ამას აკეთებს ღიად და დაუფარავად", - ამბობს კაპანაძე.

მისი აზრით, პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება არის "კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ როგორ არ შეეფერება ის თანამდებობას".

"ასეთი განცხადებები მას არაერთხელ გაუკეთებია, მაგრამ ყოველი მორიგი განცხადებით იპყრობს ახალ სიმაღლეებს. ეს ბოლო განცხადება არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი, როგორ არ უნდა ერეოდეს პარტნიორი ქვეყნის შიდა საქმეებში", - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი.

სალომე ზურაბიშვილმა 28 აპრილს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე თქვა, რომ "მიუღებელია და ყოვლად გაუგებარია უკრაინის ხელისუფლებაში იმ ადამიანის ნებისმიერ საჯარო პოზიციაზე შერჩევა, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები ფიგურირებს არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების განაჩენში, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის ვერდიქტში".

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილმა თქვა, რომ მზადაა, მიიღოს ეს წინადადება. მისი დანიშვნის შესახებ უკრაინის პარლამენტში კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე პრემიერი გახდება, შესაძლოა, ქვეყანასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედოს.

28 აპრილს, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უმაღლესი რადადან უკან გაიწვია.

კომენტარები