სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში

ჯაფარიძე: ის, რომ ივანიშვილი ჩაციკლულია სააკაშვილზე, მისი პრობლემაა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე თვლის, რომ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი "ჩაციკლულია" მიხეილ სააკაშვილზე, მისი პრობლემაა.

"ის, რომ ივანიშვილი დღეს კიდევ საუბრობს სააკაშვილზე, აქვს იდეაფიქსი, ჩაციკლულია ეს ადამიანი პირადად კონკრეტულად სააკაშვილზე და სამყაროს აღიქვამს მასთან დაპირისპირების ჭრილში, არის მისი პრობლემა და ნამდვილად არ არის ჩვენი ან სააკაშვილის პრობლემა. რაც შეეხება იმას, რამდენად კარგი იქნება სააკაშვილის დანიშვნა უკრაინისთვის, ეს არის უკრაინელი ხალხის სუვერენული ნება, მათ შორის უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ნება და მათ აქვთ გადაწყვეტილი, როგორც ჩანს, რომ გაითვალისწინონ ის გამოცდილება, რომელიც აქვთ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს რეფორმებთან მიმართებაში და მათ სურთ გაიმეორონ ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში იყო ძალიან წარმატებული", - თქვა ჯაფარიძემ.

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, "სამწუხაროა, თუ სააკაშვილი პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა". როგორც ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თქვა, "წუხილს იმის გამო გამოვთქვამ, რომ პროკურატურას სააკაშვილისთვის რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. ბუნებრივია, მეგობარ სახელმწიფოს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს".

"მით უმეტეს, ადეიშვილზე, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, წითელი ცირკულარით იძებნება. თუმცა, ამაშიც ტრაგიკული არაფერია. უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობის გასაღრმავებლად და მაქსიმალურად დავეხმაროთ. ქართველებისთვის შემაშფოთებელი სხვა რამ უნდა იყოს. მეგობარმა მითხრა, აქედან კი გაასწრეს, მაგრამ უკრაინელებს შეიძლება ვეღარ გაასწრონო. 2008 წლის ტრაგედიაში სააკაშვილის შეცდომებს დიდი წვლილი მიუძღვის და ამ კაცს უკრაინაში მრჩევლად ნიშნავენ. ეს სახიფათოა. ერთი მხრივ, უკრაინაა ცოდო, ჩვენი მეგობარია, მეორე მხრივ, ქართველობა - თუ ძველი ხელწერით გააგრძელეს უკრაინაში მოქმედება (არადა, მათ სხვა ხელწერა არ იციან), უკრაინელებს მწვავე რეაქცია ექნებათ და არსებობს საფრთხე, ქართველებზეც გადმოვიდეს ეს აგრესია. მატყუარა სააკაშვილი ტელევიზორში ზის და იქ ათას სისულელეს ამბობს. დიდი ხანია აღარც ვუსმენ და მის ნათქვამებს არც ვკითხულობ. თუმცა, შეიძლება მისი რჩევები უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს. ადეიშვილზეც იგივე ითქმის. თუმცა, ტრაგიკულადაც ნუ დავხატავთ ამ პროცესს. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას თავისი არჩეული ხელმძღვანელობა ჰყავს, თუმცა, გვერჩივნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობისა და პროკურატურის პოზიცია, ზოგადად მისი მეგობარი სახელმწიფოს პოზიცია გაეთვალისწინებინათ", - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები