რა მოხდა მინეაპოლისში
25 მაისს აშშ-ის მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისში Cup Foods-ის მაღაზიაში 46 წლის აფრო ამერიკელმა ჯორჯ ფლოიდმა სიგარეტის კოლოფი $20-ით იყიდა. გამყიდველმა მიიჩნია, რომ კუპიურა ყალბი იყო და რამდენიმე პირთან ერთად ფლოიდის მანქანისაკენ გაემართა. მათ ჯორჯ ფლოიდს სიგარეტის დაბრუნება მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი პოლიცია გამოიძახეს.
ადგილზე ორი პოლიციელი, ტომას ლეინი და ალექსანდრ კენგი გამოცხადდნენ. მათ ფლოიდს ხელბორკილები დაადეს და მანქანიდან გზის გადაღმა, ტროტუარზე გადაიყვანეს. ამ დროს ფლოიდმა მათ უთხრა, რომ კლაუსტროფობია სჭირდა და სუნთქვა უჭირდა.
მალევე ადგილზე პოლიციის კიდევ 2 ეკიპაჟი გამოცხადდა. პოლიციელები დერეკ შოვინი და ტოუ თაო ლეინის და კენგის დასახმარებლად მივიდნენ. პოლიციელების თქმით, ფლოიდი პოლიციის მანქანაში ჩაჯდომაზე უარს ამბობდა, შემდეგ კი მიწაზე დაეცა.
ინციდენტი რამდენიმე გამვლელმა გადაიღო. ვიდეოებში ჩანს, რომ ბორკილებდადებული კაცი მიწაზე წევს, ხოლო პოლიციელი, დერეკ შოვინი მას მუხლით კისერზე აწვება. ეს 8 წუთს გრძელდებოდა. ისმის ფლოიდის ხმა “ ვერ ვსუნთქავ, ნუ მომკლავთ”. საღამოს 8 საათსა და 22 წუთზე ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, რადგან დაკავებული აღარ სუნთქავდა. სასწრაფოს მოსვლამდე პოლიციელს ფლოიდის კისერზე მუხლი ჰქონდა მიბჯენილი და მხოლოდ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების მითითების შემდეგ აიღო, მიუხედავად იმისა, რომ ფლოიდი უკვე უგონოდ იყო. გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა დასახელდა, ფლოიდის ოჯახის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოკვლევის მიხედვით კი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.
26 მაისს მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ინციდენტში მონაწილე პოლიციელები დროებით დაითხოვეს, მოგვიანებით კი თქვეს, რომ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამავე საღამოს მინეაპოლისში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქუჩაში ასობით ადამიანი გამოვიდა, მათ შორის იყვნენ მოკლულის ოჯახის წევრები. ისინი პოლიციელების სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. მომიტინგეთა ნაწილის სამიზნეს პოლიციის ის განყოფილება წარმოადგენდა, სადაც ინციდენტში მონაწილე პირები იმყოფებოდნენ.
29 მაისს დერეკ შოვინს მესამე ხარისხის მკვლელობის მუხლით წარუდგინეს ბრალი. მინესოტას შტატში მესამე ხარისხის მკვლელობად განისაზღვრება მკვლელობა წინასწარი განზრახვის გარეშე და მაქსიმუმ 25 წლიანი პატიმრობით ისჯება. ის მინესოტას შტატში პირველი თეთრკანიანი პოლიციელი გახდა, რომელსაც ფერადკანიანი სამოქალაქო პირის მკვლელობის გამო ბრალი წარუდგინეს.
შედეგად პროტესტი არ შეწყვეტილა. ფლოიდის ოჯახი ბრალის გადაკვალიფიცირებას და პოლიციელის პირველი ხარისხის მკვლელობის მუხლით გასამართლებას ითხოვს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ისინი ასევე ითხოვენ ინციდენტში მონაწილე კიდევ 3 პოლიციელის დაკავებას.
4 ივნისს ბრალი წარუდგინეს ინციდენტში მონაწილე 3 პოლიციელს, შოვინისადმი წარდგენილი ბრალი კი დამძიმდა. მას მეორე ხარისხის მკვლელობისათვის გაასამართლებენ, რაც შტატში მოქმედი კანონებით განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა პირველი ხარისხისგან განსხვავებით ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორებს. 3 პოლიციელს კი მკვლელობის ხელშეწყობის მუხლით გაასამართლებენ.
მომიტინგეთა წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მომდევნო დღეებში მომიტინგეთა ნაწილმა დაარბია და გაძარცვა მაღაზიები, დააზიანა კერძო საკუთრება, ცეცხლი წაუკიდა პოლიციის შენობას. 31 მაისისთვის ქალაქში დარბეული ან სრულად განადგურებული იყო კერძო ბიზნესის 270-მდე შენობა.
აქციების გამო შემოიღეს კომენდანტის საათი და მოხდა 500-მდე ეროვნული გვარდიის წარმომადგენლის მობილიზება. მიუხედავად ამისა, მომიტინგეები კომენდანტის საათს არღვევდნენ და აქციებს აგრძელებდნენ.
საპროტესტო აქციები დაიწყო აშშ-ის სხვა შტატებსა და ქალაქებშიც, მათ შორის დედაქალაქ ვაშინგტონში.
აქციების გამო აშშ-ის 15 შტატში და ასევე დედაქალაქ ვაშინგტონში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. სულ შტატებში ეროვნული გვარდიის 5 000-მდე წევრი გაიგზავნა. გუბერნატორების თქმით ისინი ადგილობრივ სამართალდამცველებს კერძო საკუთრების დაცვაში, ძარცვის შეჩერებაში და გადაადგილების მოწესრიგებაში დაეხმარებიან. 40-მდე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული.
აქციების მიმდინარეობისას დაიღუპა სულ მცირე 11 ადამიანი. რამდენიმე შემთხვევაში აქციის მონაწილეთა მისამართით ცეცხლი დაუდგენელმა პირებმა გახსნეს.
ხელისუფლების რეაქცია
თეთრი სახლის სპიკერმა კეილინ მაკინანიმ თქვა, რომ პრეზიდენტი ტრამპი აღაშფოთა ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების ფაქტმა და მას სურს, სამართალი აღსრულდეს. თავად ტრამპმა კი აქციების შესახებ საკუთარ Twitter-ზე დაწერა:
“განზე ვერ გავდგები და ვერ ვუყურებ როგორ ხდება ეს შესანიშნავ ამერიკულ ქალაქ მინეაპოლისში. ლიდერობის სრული კრიზისი. ან რადიკალი მემარცხენე მერი ჯეიკობ ფრეი იმოქმედებს და დაამყარებს კონტროლს ქალაქში, ან ეროვნულ გვარდიას გავგზავნი, რათა ეს საქმე სწორად შეასრულონ.
ეს ავაზაკები შეურაცხყოფას აყენებენ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას და მე ამას არ დავუშვებ. ახლახან ვესაუბრე გუბერნატორ ტიმ უოლტსს და ვუთხარი მას, რომ სამხედროები მასთან არიან და გზაში არიან. თუ რაიმე გართულება იქნება, კონტროლს დავამყარებთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ძარცვა და სროლა დაიწყება. გმადლობთ!”
Twitter-მა ტრამპის პოსტს გამაფრთხილებელი წარწერა გაუკეთა: "ეს ტვიტი არღვევს ჩვენს წესებს ძალადობის წახალისების შესახებ, თუმცა ჩვენი შეფასებით, შესაძლოა, საზოგადოების ინტერესებში იყოს მისი მისაწვდომობა".
2 ივნისს კი ტრამპმა თქვა, რომ თუ აშშ-ის ქალაქებში არეულობა გაგრძელდება სამხედრო ძალებს გაგზავნის, რათა პრობლემა სწრაფად გადაჭრან.
"ყველა ამერიკელი სამართლიანად აღაშფოთა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობამ, მაგრამ მისი ხსოვნა ვერ უნდა გადაფაროს განრისხებულმა ბრბომ...
...ათასობით მძიმედ შეიარაღებულ ჯარისკაცს ვგზავნი, სამხედრო პირებს და სამართალდამცველებს, რათა არეულობა, ქურდობა, ვანდალიზმი, თავდასხმები და კერძო საკუთრების განადგურება შეაჩერონ...
...თუ ქალაქები და შტატები უარს იტყვიან საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე, მე გავგზავნი აშშ-ის არმიას, რათა მათი პრობლემა სწრაფად გადაჭრან," - თქვა მან.
დონალდ ტრამპმა ამის შესახებ თეთრ სახლში ისაუბრა. პარალელურად კი მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა.
წარსული გახმაურებული შემთხვევები და სტატისტიკა
პოლიციელების მხრიდან შეუიარაღებელი შავკანიანების მკვლელობა იქცა Black Lives Matter-ის გამოსვლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.. მოძრაობის წევრები მიუთითებენ, რომ შავკანიანთა მისამართით პოლიციის ძალადობა ხშირია და მოსახლეობაში მათი პროცენტული რაოდენობის არაპროპორციული. მაშინ, როდესაც შავკანიანები ამერიკელთა მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ, პოლიციის მიერ მოკლულთა შორის 24% უკავიათ.
საგულისხმოა, რომ შავკანიანები აშშ-ის მოსახლეობის 12.6%-ს წარმოადგენენ, თეთრკანიანები კი 72.4%-ს. ამასთანავე, ქვეყანაში კრიმინალისათვის დაკავებულთა 68.9% თეთრკანიანები არიან, 27.2% კი შავკანიანები. თუმცა, თუ ავიღებთ მკვლელობების სტატისტიკას, FBI-ს მიხედვით მკვლელობისათვის დაკავებულთა 44.2% თეთრკანიანია, 53.1% კი შავკანიანი. თუ მსხვერპლთა რასობრივ კუთვნილებას განვიხილავთ, 2016 წელს თეთრკანიანთა მიერ მოკლულთა შორის შავკანიანი 15.2% იყო, 81.5% კი თეთრკანიანი, ხოლო შავკანიანთა მიერ მოკლულთა შორის 89.5% ასევე შავკანიანი და 8.4% თეთრკანიანი.
აშშ-ის პოლიციის მიერ ეთნიკური ნიშნით პროფილების შედგენის პრაქტიკა ერთ-ერთი მიზეზია, რაც დისპროპორციას იწვევს. კრიმინალური პროფილის შედგენისას პოლიცია ეყრდნობა ეთნიკური ჯგუფის მახასიათებლებს და ამის მიხედვით განსაზღვრავს რამდენად სავარაუდოა, რომ ამა თუ იმ ეთნიკური, რელიგიური თუ რასობრივი ჯგუფის წარმომადგენელი კრიმინალურ საქმიანობაში იქნება გარეული. ამ პრაქტიკას ამჟამად კონგრესი განიხილავს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ თუ განვიხილავთ კონკრეტულად შეუიარაღებელი მოქალაქეების მკვლელობას პოლიციის მიერ, ვნახავთ, რომ ყოველწლიურად აშშ-ის პოლიცია თითქმის ორჯერ მეტ შეუიარაღებელ თეთრკანიანს კლავს, ვიდრე შავკანიანს. მაგალითისათვის, 2018 წელს პოლიციამ 48 შეუიარაღებელი თეთრკანიანი მოკლა, ხოლო 28 შეუიარაღებეული შავკანიანი, 2019 წელს 51 შეუიარაღებელი თეთრკანიანი, 28 შეუიარაღებელი შავკანიანი. აღსანიშნავია, რომ შეუიარაღებელი არ ნიშნავს იმას, რომ პირის მხრიდან რეალური საფრთხე არ არსებობდა, თუმცა არ არსებობს უფრო კონკრეტული სტატისტიკა, პოლიცია კი თითქმის ყველა მსგავს შემთხვევაში ირწმუნება, რომ საფრთხე არსებობდა და საკუთარ ქმედებებს ამგვარად ამართლებს.
ზოგადი სტატისტიკაც მიუთითებს, რომ თუ მოსახლეობის პროპორციულობიას და რასობრივი კლასიფიკაციის მიღმა გავიხედავთ, პოლიციის მხრიდან ძალადობა და მკვლელობა უფრო ფართო პრობლემაა და ერთი შეხედვით ამ საკითხის გარშემო ყველა უნდა ერთიანდებოდეს.
თუმცა, პრობლემის განხილვისას წინ წამოიწია არა სისტემურ პრობლემებზე საუბარმა, არამედ რასობრივი დისკრიმინაციის თემამ. უკანასკნელ პერიოდში ეს თემა რამდენიმე ფაქტორმა კიდევ უფრო გაამწვავა. საუბარია იმაზე, რომ კორონავირუსისაგან ფერადკანიანი მოსახლეობა უფრო ზარალდება, ნაკლებად აქვთ ჯანდაცვაზე წვდომა და მეტად კარგავენ სამსახურს. თუმცა კორონავირუსი შეეხო თითქმის ყველას, სამუშაო ადგილები მილიონობით ადამიანმა დაკარგა და აშშ-ის ქალაქებში მაღაზიების გაქურდვის მასშტაბურობა შესაძლოა სწორედ ამით იყოს გამოწვეული, თუმცა, ჯერჯერობით კონკრეტული ციფრები არ არსებობს, რაც ამ ვარაუდს დაადასტურებს.
ჯორჯ ფლოიდის მკვლელობიდან 1 დღეში მოხდა გახმაურებული შემთხვევა, როდესაც ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში თეთრკანიანი ქალი, რომელიც პარკის წესებს არღვევდა და ძაღლი თავისუფლად ჰყავდა გაშვებული აფროამერიკელი კაცისგან შენიშვნის მიღების შემდეგ მას დაემუქრა, რომ პოლიციაში დარეკავდა და იტყოდა, რომ შავკანიანი კაცი მას ემუქრებოდა. მისი ქცევა აჩვენებს, რომ ქალი მოელის, რომ პოლიცია მის მხარეს დაიჭერს მიუხედავად იმისა, რომ წესებს თავად არღვევს და რომ შავკანიან კაცს პოლიციის უნდა ეშინოდეს. საზოგადოებაში გამეფებულ ამ განწყობას პოლიციის მხრიდან არსებული რეალური ძალადობის გარდა ხელს უწყობს ის, რომ საჯაროდ განიხილება და აღშფოთებას იწვევს მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ფერადკანიანია. ხდება რასობრივი დისკრიმინაციის მოტივის ხაზგასმა, რაც ართულებს ამ თემაში ზოგადი სისტემური პრობლემების ინტეგრაციას, რაც უკლებლივ ყველას ეხება. იმის ნაცვლად, რომ ყველა საერთო პრობლემის გარეშე გაერთიანდეს, ხდება ხელოვნური დაყოფა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ შავკანიანებისაა და კონკრეტულ თემაზე ფოკუსირების ნაცვლად პროტესტის სამიზნე ფართოვდება და ამ დაყოფას და დაპირისპირებას აშშ-ის მიმართ მტრულად განწყობილი აქტორები ეფექტურად იყენებენ.
ვინ იყენებს აშშ-ში არსებულ სიტუაციას საკუთარი ინტერესებისათვის
ამ შემთხვევაში, აშშ-ში მიმდინარე აქციებს გამოეხმაურნენ როგორც რუსეთიდან, ასევე ჩინეთიდან და ირანიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ აშშ-ს განუცხადა, რომ მათ მორალური უფლება დაკარგეს სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღევაში დაადანაშაულონ. მსგავი მესიჯი იყო ჩინეთიდანაც. ირანმა კი “შური იძია” ირანში მიმდინარე აქციებისას აშშ-ის მოწოდებებზე და ტრამპის მიერ მათთვის გაგზავნილი მესიჯი “უკან დაუბრუნა” - მათ აშშ-ს მოწოდეს შეეწყვიტათ ძალადობა საკუთარი მოქალაქეების მიმართ. სამივე ამ ავტორიტარულ სახელმწიფოში მშვიდობიანი აქციის ჩატარება მუდმივად დარბევით, დაკავებებით და მკვლელობებით სრულდება. ხელისუფლების ოპონენტები მუდმივად წნეხის და რეპრესიების ქვეშ არიან. ჩინეთი სარგებლობს პანდემიის დროს შექმნილი მდგომარეობით და ჰონგ-კონგის ავტონომიის გაუქმებას ცდილობს, რათა ისევე ეფექტურად ჩაახშოს დემოკრატიის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქციები, როგორც ამას კონტინენტურ ჩინეთში ახერხებენ.
რუსეთის ქმედებები გამორჩეულად საყურადღებოა. 2016 წლის არჩევნების დროს სოციალურმა ქსელებმა გამოავლინეს რუსი ტროლების მიერ შექმნილი ყალბი ანგარიშები. მათ მიზანს არა მხოლოდ აშშ-ის არჩევნებში ჩარევა, არამედ ზოგადი სიტუაციის გამწვავება წარმოადგენდა. ამისათვის კი სწორედ რასობრივი დისკრიმინაციის თემას იყენებდნენ. ისინი ქმნიდნენ ყალბ ანგარიშებს როგორც Black Lives Matter-ს და სხვა მსგავსი ჯგუფების სახელით, შემდეგ კი აგრესიულ მოწოდებებს ავრცელებდნენ, ასევე მათი ოპონენტების სახელით. არ არის გამორიცხული, რომ ამჯერადაც რუსეთი ტროლების და სოციალური ქსელების მეშვეობით ჩართული იყოს სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებაში.
დაპირისპირების და მტრის წისქვილზე წყლის დასხმის ნაცვლად, ალბათ უფრო ნაყოფიერი იქნებოდა აქციებზე ესაუბრათ სისტემურ პრობლემებზე, რაც ყველას შეეხება და მათი აღმოფხვრა მოეთხოვათ ფართო საზოგადოებასთან ერთად.
პოლიციის მხრიდან ძალადობა აშშ-ში - სისტემური პრობლემები და კვალიფიციური იმუნიტეტი
ჯორჯ ფლოიდის საქმეზე დაკავებული პოლიციელი დერეკ შოვინი პოლიციაში 18 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში მის წინააღმდეგ 18 საჩივარი შევიდა. საჩივრების შინაარსი არ გასაჯაროვებულა, თუმცა ცნობილია, რომ მხოლოდ ორი მათგანის გამო მიიღო მან დისციპლინარული სასჯელი. საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პოლიციელის წინააღმდეგ 6 საჩივარი იყო შესული.
კვლევითი ჯგუფის, Mapping Police Violence-ის მიხედვით, მხოლოდ გასულ წელს აშშ-ში პოლიციამ 1 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა, დღეში საშუალოდ 3 მსგავსი მკვლელობა, რაც სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მაღალი მაჩვენებელია.
შედარებისათვის, 1990-დან 2014 წლამდე ინგლისსა და უელსში პოლიციამ 55 ადამიანი მოკლა. 2010-2011 წლებში კი გერმანიაში მხოლოდ 15 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ის მოსახლეობა ინგლისის და უელსისას 6-ჯერ აღემატება, გერმანიისას კი 4-ჯერ, თუმცა პროპორციულად აშშ-ში პოლიციის მიერ ადამიანის მოკვლის შემთხვევები მეტია. თუმცა, ამავდროულად აშშ-ში უფრო მაღალია კრიმინალის რიცხვიც, მაგალითად, 2016 წელს 100 000 კაცზე გერმანიაში მკვლელობის რიცხვი 1.18 იყო, ინგლისსა და უელსში 1.2, ამერიკაში კი 5.3.
მიუხედავად ამ მონაცემებისა, 2013-დან 2019-წლამდე მომხდარი მსგავსი შემთხვევების 99%-ის დროს პოლიციელებისათვის ბრალი არ წარუდგენიათ.
ხშირ შემთხვევაში მიზეზი კვალიფიციური იმუნიტეტის დოქტრინაა. აშშ-ის ფედერალური კანონების ეს დოქტრინა ოფიციალურ პირებს სამსახურეობრივი მოვალეობისას დისკრეციული ქმედებების გამო ჩივილისაგან იცავს გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი ქმედება აშკარად არღვევს ფედერალურ კანონებს და კონსტიტუციით განსაზღვრულ უფლებებს.
გასულ თვეს Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების მიხედვით, გასული სამი წლის განმავლობაში პოლიციამ 2017-2019 წლებში მათ წინააღმდეგ აღძრული საქმეების 56% სწორედ კვალიფიციური იმუნიტეტის დოქტრინის საფუძველზე მოიგო. წინა წლებში ეს მაჩვენებელი 43% იყო.
ჰანეპინის ოლქის პროკურორმა მაიკ ფრიმენმა, რომელმაც შოვინის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალი გამოაცხადა თქვა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ ბრალის წარდგენა რთული პროცესია და შოვინის შემთხვევაში ყველაზე სწრაფი რეაგირება მოხდა.
კვალიფიციური იმუნიტეტი დოქტრინის საფუძველი 1871 წელს კუ კლუქს კლანის აქტია, რომელიც კონგრესმა სამოქალაქო ომის შემდეგ ახლად გათავისუფლებული მონების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად მიიღო. მასშნი ნათქვამი იყო, რომ ყველა, ვინც სახელმწიფოს სახელით მოქმედებს და სხვის უფლებებს დაარღვევს, იქნება ეს კონსტიტუციის თუ ფედერალური კანონების მიხედვით, ამაზე პასუხს აგებს. მასში არავითარი იმუნიტეტი არ არის ნახსენები.
თუმცა, უზენაესმა სასამართლომ 1967 წელს საქმეში პირსონი რეის წინააღმდეგ დაადგინა, რომ პოლიციელი, რომელმაც კონტიტუციის პირველი მუხლის დარღვევით რამდენიმე ადამიანი დააპატიმრა, რწმენის საფუძველზე მოქმედებდა, რომ მისი ქმედება კონსტიტუციური იყო.
მოგვიანებით სასამართლომ დოქტრინა გააფართოვა. 1982 წელს, საქმეში ჰარლოუ ფიცჯერალდის წინააღმდეგ უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ აუცილებელი არ იყო კანონიერების რწმენის საფუძველზე მოქმედება, საკმარისი იყო, რომ ოფიციალური პირის ქმედება ობიექტურად გონივრული ყოფილიყო. შესაბამისად, კვალიფიციური იმუნიტეტი გავრცელდა ყველა შემთხვევაზე, გარდა იმისა, სადაც კანონის დარღვევა ცალსახად აშკარა იყო.
მას შემდეგ ხშირია სასამართლოს მხრიდან მსგავსი ტიპის განმარტება: ოფიციალურმა პირმა სხვისი უფლებები დაარღვია, თუმცა მათი ქმედების უკანონობა საკმარისად აშკარა არ იყო იმისათვის, რომ გასამართლდნენ.
რა შეიძლება გაკეთდეს პოლიციაში არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად
გარდა იმისა, რომ კვალიფიციური იმუნიტეტის დოქტრინა დაუსჯელობის სინდრომს აჩენს და ხელს უშლის სამართლის აღსრულებას, სიტუაციის გასაუმჯობესებლად შესაძლოა გადაიდგას სხვა ნაბიჯებიც. ამის მაგალითები კი უკვე არსებობს თავად აშშ-ში.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პოლიციის მიერ მოკლულთა რაოდენობა ყოველწლიურად თითქმის ერთ მაჩვენებელზეა, დიდ ქალაქებში ეს რიცხვი ეცემა. მიზეზი კი რამდენიმე რეფორმაა, რომლებიც სწორედ გახმაურებული შემთხვევების შემდეგ გაატარეს.
სამწუხაროდ, ქალაქების ფონზე, შემთხვევები იზრდება პროვინციებში. ქალაქებში იკლო დაკავებების მოაჩვენებელმაც, რაც რამდენიმე რეფორმას უკავშირდება, ნაწილობრივ კი იმას, რომ ზოგიერთი მსუბუქი დანაშაულისათვის, როგორიცაა მარიხუანის ფლობა და პროსტიტუცია, აღარ აკავებენ.
ფილადელფიაში, სან ფრანცისკოსა და ბალტიმორში კი პოლიციამ ძალის გამოყენებაზე იუსტიციის დეპარტამენტის რეკომენდაციების საფუძველზე რეფორმები გაატარა. ჩიკაგოში მსგავსი რეფორმების შემდეგ პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მისამართით სროლის რიცხვი შემცირდა. რეფორმებს შორის იყო პოლიციელების პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადახედვაც, რის შემდეგაც პოლიციელთა მისამართით შესული საჩივრები უფრო სწრაფად და ეფექტურად განიხილება. ლოს ანჯელესში დე-ესკალაციის ალტერნატიული მეთოდების დანერგვის გამო პოლიციის მხრიდან სროლის მაჩვენებელი 2019 წელს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო.
ამჟამად აშშ-ის კონგრესი განიხილავს რასობრივი პროფილების საკითხს, რომლის მეშვეობითაც უნდა დასრულდეს პოლიციის მიერ რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის და სხვა ნიშნებით პროფილების შედგენა და მათ საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება და ამ მიზნით სპეციალური გადამზადება უნდა მოხდეს, რაც მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო შეამცირებს პოლიციის ძალადობას ეთნიკური უმცირესობების მისამართით.