შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ამბობს, რომ 2 აბიტურიენტს, რომლებიც მაღალი ტემპერატურის გამო გუშინ, 6 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე არ დაუშვეს, COVID-19 არ დაუდასტურდა.
"2 აბიტურიენტს, რომლებიც არ დაიშვნენ გამოცდაზე, ჩაუტარდათ PCR ტესტირება და მათ არ აღმოაჩნდათ კოვიდინფექცია. ჩვენ, სამინისტროსთან ერთად, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შევძლოთ და ეს აბიტურიენტები ჩავრთოთ საგამოცდო პროცესში". – ამბობს სოფო გორგოძე.
მისივე თქმით, დღეს, 7 ივლისს საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გამოცდაზე აბიტურიენტთა 95% გამოცხადდა. დღეს გამოცდიდან არცერთი აბიტურიენტი არ მოხსნილა.
"იყო რამდენიმე აბიტურიენტი, რომელთაც დაუფიქსირდათ ტემპერატურა, თუმცა მათი განთავსება მოხდა სარეზერვო სექტორებში, არ მოგვიწია მათი არდაშვების გადაწყვეტილების მიღება". – ამბობს გორგოძე.
ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ, 6 ივლისს დაიწყო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით აბიტურიენტთა გამოცდებზე დაშვების პირობები, ცენტრის პერსონალის ვალდებულებები და გამოცდაზე ქცევის წესები - წაიკითხეთ აქ.