პროკურატურამ პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით, შორტებით გადაადგილების გამო ფიზიკური ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ყვარელწყალში, ი.ფ. შორტებში ჩაცმულ ნ.წ-ს იმ მოტივით, რომ აღნიშნული ჩაცმულობა ეწინააღმდეგებოდა მის ადათ-წესებს, ფიზიკურად გაუსწორდა. ამასთან, ი.ფ-მ, ა. ბ-მ და ა.ი-მ იმავე მიზეზით ჯგუფურად სცემეს ნ.წ-ს არასრულწლოვან შვილს გ.წ.-საც. აღნიშნულის შედეგად მამა-შვილმა - ნ.წ.-მ და გ.წ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის ნ.წ.-მ - სხივის ძვლის მოტეხილობა". – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ნ.წ.-ს და გ.წ.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით 9 აგვისტოს დაიწყო. ხოლო ი.ფ.-ს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53'-126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 53'-118 მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა.
ა.ბ-ს და ა.ი-ს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯგუფური ცემისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 53' -126 მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით დღეს, 22 აგვისტოს წარედგინათ.
პროკურატურის ცნობით, მათ შუამდგომლობით უკვე მიმართეს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თელავის რაიონულ სასამართლოს.
8 აგვისტოს ქუჩაში შორტებით გადაადგილების გამო პანკისში მამა-შვილს სცემეს. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა დაესხა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან.