დავითგარეჯის საქმე

ინაშვილი დავითგარეჯის საქმეზე: ამ სიტუაციაში მე რუსულ კვალზე საუბარი არ შემიძლია

პუტინისტური პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი TV პირველს ეთერში დავითგარეჯის საქმეზე ჟურნალისტის კითხვას, რომ ეს მოვლენები შესაძლოა რუსეთის ინტერესებშია და სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის შექმნას ემსახურება, პასუხობს, რომ საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერში რუსეთის კვალს ეძებენ. მას კი არგუმენტები არ აქვს, იფიქროს, რომ რუსეთი ჩვენ გვეხმარება, ჩვენთვის სამართლიანად გადაწყდეს საკითხი დავითგარეჯასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ადეკვატურობა არ უნდა დავკარგოთ. საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, წარმატება იქნება, წარუმატებლობა, მარცხი თუ გამარჯვება, ყველაფერში რუსულ კვალს ეძებენ. ეს მივიდა ძალიან ავადმყოფურ ფორმებამდე.

ამ სიტუაციაში მე რუსულ კვალზე არ შემიძლია საუბარი. არავითარი არგუმენტები არ მაქვს, რომ რუსეთი ახლა დაინტერესებულია, ჩვენ მოგვცეს დოკუმენტი, რუკა, რომლის თანახმადაც ჩვენ შეგვიძლია სამართლებრივად დავიწყოთ ლაპარაკი ჩვენს კუთვნილ ტერიტორიებზე იმ ზოლში.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ რუსეთი ჩვენ გვეხმარება, სამართლიანად გადაწყდეს ჩვენთვის საკითხი დავითგარეჯთან მიმართებით". – თქვა ირმა ინაშვილმა.

საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსს, ივერი მელაშვილსა და წევრს, ნატალია ილიჩოვას საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულების უფლებადამცველი, ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლოა და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მელაშვილი და ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში. 

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები