საქართველოს პროკურატურა

POG: ათეულობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხის შესაძლო გათეთრებაზე გამოძიება მიმდინარეობს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ტრანსნაციონალური ხასიათის, ათობით მილიონი სხვადასხვა ვალუტის თანხის შესაძლო გათეთრებაზე გამოძიება დაიწყო.  

პროკურატურის განცხადების მიხედვით, თბილისში რამდენიმე ობიექტზე ჩხრეკა ჩატარდა, რა დროსაც დოკუმენტებთან ერთად დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს. უწყების ცნობით, უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის სპეცრაზმის თანამშრომლები მუშაობდნენ. 

"აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობების, ასევე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების მოძიება-ამოღების მიზნით, 2020 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე რამოდენიმე ობიექტში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა, რა დროსაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტაციასთან ერთად ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხები". – წერია განცხადებაში.  

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად განხორციელებულ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემოსავლის მიღება. 

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა კახეთის გზატკეცილზე, სამშენებლო მასალების იმპორტიორ ერთ-ერთ კომპანიაში ჩატარდა.

კომენტარები