ოკუპირებული რეგიონები

OSCE-ს თავმჯდომარეები ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო შეშფოთებული არიან

ეუთოს-ს ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნები ერთობლივ დოკუმენტში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე შეშფოთებას გამოთქვამენ. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა ე.წ. ხუთეულის განცხადება (ყოფილი, მოქმედი და მომდევნო 3 წლის თავმჯდომარე ქვეყნები), როგორც მინისტერიალის ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტი, სადაც საუბარია საქართველოში არსებულ კონფლიქტზე, გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზგასმულია საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების სფეროში გაუარესებული მდგომარეობა და გამოხატულია მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ.

ორგანიზაციის ყოფილი, მოქმედი და მომავალი თავმჯდომარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, განაგრძონ ამ ფორმატში ეუთო-ს წამყვანი როლის შესრულება, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად.

"ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ხაზს ვუსვამთ ჩვენს შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. გამოვხატავთ ურყევ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმართ (GID), ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობის მიზნით.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება უმთავრეს საერთაშორისო პლატფორმად ამ კუთხით და ეუთო მზად არის, განაგრძოს ამ ფორმატის ხელმძღვანელობა, ევროკავშირთან და გაეროსთან ერთად". – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები