აშშ-ს კონგრესი

რესპუბლიკელი კონგრესმენი შეთქმულების თეორიების გაზიარების გამო კომიტეტებიდან გარიცხეს

მარჯორი ტეილორ გრინი პირბადეზე წარწერით "ტრამპმა გაიმარჯვა"

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შედეგად კონგრესმენი ჯორჯიის შტატიდან, მარჯორი ტეილორ გრინი მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ორი კომიტეტიდან გარიცხეს.

გრინი იზიარებდა უსაფუძვლო შეთქმულების თეორიებს, მათ შორის QAnon-ის თეორიებს და მხარს უჭერდა დემოკრატიული პარტიის წევრების, მათ შორის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებს. მათ შორის იყო შეთქმულების თეორია, რომ აშშ-ს სკოლებში მომხდარი სროლები და 11 სექტემბრის ტერაქტი დადგმული იყო.

გრინის საბიუჯეტო და განათლების კომიტეტებიდან გარიცხვას მხარი დაუჭირა ყველა დემოკრატმა და 11-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა.

კენჭისყრამდე გრინმა თქვა, რომ ნანობს თავის გაკეთებულ განცხადებებს, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი კომენტარები კონგრესმენის პოსტზე კენჭისყრამდე გააკეთა. ის ირწმუნება, რომ QAnon-ის შეთქმულების თეორიების აღარ სჯერა მას შემდეგ, რაც მასში სიცრუე და დეზინფორმაცია აღმოაჩინა. გრინმა ასევე უკან წაიღო კომენტარები იმაზე, რომ სკოლებზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმები და 11 სექტემბრის ტერაქტი დადგმული იყო და პენტაგონს თვითმფრინავი არ დასჯახებია.

„ეს წარსულშია ნათქვამი. ამას აღარ წარმოვადგენ". - თქვა მან.

მას კომენტარი არ გაუკეთებია სოციალურ მედიაში პოსტების მოწონებაზე, რომლებიც დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლების მიმართ მუქარას შეიცავდა. ერთ-ერთ პოსტზე, სადაც ბარაკ ობამას ჩამოხრჩობას მოითხოვდნენ გრინმა დაწერა კომენტარი: "სცენა მზადდება". მას ასევე არ უთქვამს კვლავ სჯერა თუ არა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

კენჭისყრამდე გრინის განცხადებები დაგმო რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა მიტჩ მაკ-კონელმა და თქვა, რომ ტყუილები და შეთქმულების თეორიები რესპუბლიკური პარტიისა და ქვეყნისათვის კიბოა.

"ვისაც სჯერა, რომ 11 სექტემბერს პენტაგონს თვითმფრინავი არ დასჯახებია, სკოლებში საშინელი თავდასხმები არ მომხდარა, კლინტონებმა ჩამოაგდეს ჯონ კენედი უმცროსის თვითმფრინავი, ის რეალობაში არ ცხოვრობს". - თქვა მან.

რესპუბლიკურ პარტიაში დახურული კენჭისყრაც გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელებმა გრინის განცხადებები დაგმეს, მათ თქვეს, რომ გრინს უკვე ესმის საკუთარი შეცდომები და ამის გამო კომიტეტებიდან მის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს.

QAnon-ის შეთქმულების თეორიის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები