ესპანეთი

ესპანეთში რეპერის დაპატიმრების გამო მესამე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს [PHOTOS]

Reuters

ესპანეთში რეპერი პაბლო ჰასელის დაკავების გამო მესამე დღეა, რაც საპროტესტო აქციები გრძელდება. მუსიკოსს, რომელიც ცნობილია საკუთარი ულტრა-მემარცხენე იდეოლოგიით, ესპანეთის მონარქისა და პოლიციის შეურაცხყოფისთვის 9-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. მის პატიმრობის ვადას 2 წელი და 6 თვე დაემატა, რადგან, ბრალდების მიხედვით, იგი ქალაქ ლერიდაში, ერთ-ერთ ბარში ადამიანს მოკვლით დაემუქრა. 

პაბლო ჰასელმა სოციალურ ქსელ Twitter-ში ესპანეთის მეფე ხუან კარლოს I-ს “მაფიის ბოსი” უწოდა, პოლიცია კი დემონსტრანტებისა და მიგრანტების წამებასა და დახოცვაში დაადანაშაულა. ეს მისი 9-თვიანი სასჯელის შეფარდების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ამას გარდა, იგი საკუთარ სიმღერებში ტერორიზმის თაყვანისცემაში დაადანაშაულეს.

რეპერის დაკავებამ, საკუთარ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებისა და სიმღერის ტექსტების შინაარსის გამო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს ქმედება შეფასდა როგორც სიტყვის თავისუფლებისთვის შექმნილი დიდი საფრთხე. 200-ზე მეტმა არტისტმა, მათ შორის მსახიობმა ხავიერ ბარდემმა და რეჟისორმა პედრო ალმოდოვარმა, პაბლო ჰასელის სასჯელის მოხსნის პეტიციას ხელი მოაწერეს. საპასუხოდ, ესპანეთის მთავრობის თქმით, სიტყვის თავისუფლებაზე არსებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებდნენ.

მშვიდობიანი საპროტესტო აქციები მადრიდში, ოთხშაბათს, ღამე დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრანტები მხოლოდ პაბლო ჰესელის გათავისუფლების ლოზუნგებით გამოდიოდნენ, მაგრამ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის ზოგიერთმა მონაწილემ პოლიციის მიმართულებით ქვებისა და ბოთლების სროლა დაიწყო. საპასუხოდ პოლიციამ მომიტინგეები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით დაარბია. 

 

“იმ ადამიანებს, რომლებიც დაუნდობლები არიან და კანონებს არ ემორჩილებიან, ჩვენს საზოგადოებაში ადგილი არ აქვთ”. – თქვა მადრიდის მერმა, ხოსე ლუის მარტინეზ-ალმეიდამ.

მსგავსად განვითარდა სიტუაცია ბარსელონაშიც, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს და ქუჩაში საგნებს ცეცხლი წაუკიდეს. 

შეტაკებები მოხდა რეპერის მშობლიურ ქალაქ ლერიდაშიც, ასევე ქალაქ ტარაგონასა და გერონაშიც.

პოლიციის თქმით, მადრიდში მინიმუმ 14 ადამიანი დააკავეს, ბარსელონაში კი - 29. ასევე, ბარსელონაში ახალგაზრდა გოგომ, რეზინის ტყვიით მიყენებული ჭრილობის გამო, თვალი დაკარგა, ამბის გამოძიება კატალონიის რეგიონალური პოლიციის ძალებმა უკვე დაიწყო. 

პაბლო ჰასელს ბრალი ჯერ კიდევ 2018 წელს წაუყენეს. იგი პოლიციას 2021 წლის 12 თებერვლამდე უნდა ჩაბარებოდა, რაც არ გააკეთა. რეპერი კატალონიის უნივერსიტეტს აფარებდა თავს. პოლიცია უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა და ბრალდებული დააპატიმრეს. უკვე დაკავებული ჰასელის თქმით, მთავრობის მიერ ამ ქმედებამ ხალხის პროტესტის გრძნობა გააღვივა “ესპანეთის ფაშისტური ინსტიტუციების” მიმართ.

 

კომენტარები