აშშ

აშშ-ს პოლიციამ კაპიტოლიუმზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გაფრთხილება გასცა

EPA

აშშ-ს კაპიტოლიუმის შენობის გარშემო პოლიციამ დაცვა გააძლიერა. გადაწყვეტილების მიზეზი შენობაში "შეჭრის შესაძლო გეგმა" გახდა. პოლიციის ინფორმაციის თანახმად, მილიტარისტული დაჯგუფება, შესაძლოა, 4 მარტს თავდასხმას გეგმავდეს.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 4 მარტს დაგეგმილი სხდომა გადადო. წარმომადგენელთა პალატას პოლიციის რეფორმის კანონპროექტი უნდა განეხილა. არ გადადებულა სენატის სხდომა. სენატი ჯო ბაიდენის მიერ წამოყენებულ $1.9 მილიონიანი Covid-19-თან დაკავშირებული დახმარების პაკეტის კანონპროექტს განიხილავს.

"თებერვლის ბოლოდან, ძალადობრივი, მილიტარისტი ექსტრემისტების უცნობი ჯგუფი განიხილავდა, დაახლოებით 4 მარტს, კაპიტოლიუმზე კონტროლის დამყარების დემოკრატიული კანონმდებლების მოშორებას. [მათ ასევე] განიხილეს გეგმები, როგორ დაერწმუნებინათ ათასობით ადამიანი ვაშინგტონში მონაწილეობის მისაღებად ჩასულიყვნენ" - ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშში.

სამართალდამცველების ცნობით, უკვე გაზრდილია კაპიტოლიუმში უსაფრთხოების ზომები. გაიმართა ჯებირები და გაიზარდა პოლიციელთა რაოდენობა.

"ინფორმაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჯერჯერობით დამატებით დეტალებს ვერ გავასაჯაროებთ" - აღნიშნავენ სამართალდამცველები. 


კაპიტოლიუმზე შესაძლო თავდასხმის გამო სამართალდამცველების სიფრთხილე, დაკავშირებულია 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრასთან.

კაპიტოლიუზე თავდასხმაში მონაწილე ბევრი ადამიანი QAnon-ის კონსპირაციულ თეორიებს იზიარებდა. მათ სჯერათ, რომ აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ლიდერები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ჰოლივუდის ელიტა და სხვა ცნობილი ადამიანები სატანისტ პედოფილთა საიდუმლო ჯგუფის წევრები არიან, მათ მოიპოვეს კონტროლი ხელისუფლების შტოზე, რომელსაც Deep State-ს უწოდებენ და ცდილობენ, დაამხონ დონალად ტრამპი, რომელიც ამ ჯგუფს ებრძვის.

ამ შეთქმულების თეორიის მიმდევრებს სჯერათ, რომ 4 მარტს დონალდ ტრამპი დაბრუნდება. ვინაიდან 1993 წელს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე 4 მარტი იყო.

6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მონაწილეობისთვის 300-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს ბრალი. დაკავებულთა შორის არიან უკიდურესად მემარჯვენე მილიტარისტური დაჯგუფებების, მაგალითად The Oath Keepers-ის, Three Percenters-ის წევრები.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა, თუმცა აშშ-ს სენატმა ყოფილი პრეზიდენტის მსჯავრდებას მხარი არ დაუჭირა. ტრამპი აშშ-ს ისტორიაში ერთადერთი პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადეს. ​მას კაპიტოლიუმში შეჭრის წახალისებას ედავებოდნენ.

ვრცლად QAnon-ის და 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შესახებ წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში:

კომენტარები