ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფასადზე არსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გუშინ, 17 მარტს, დ.კ.-მ კახეთის გზატკეცილზე მდებარე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფასადზე არსებულ ბანერს, ავტომობილიდან, პნევმატური იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
1991 წელს დაბადებული დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე საათში, კახეთში დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი-პნევმატური პისტოლეტი, ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს". - წერია შსს-ს განცხადებაში.