ზურაბ დათუნაშვილი

დათუნაშვილი: გამარჯვებას ნიკა მელიას და უკანონოდ დაკავებულ ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა, თავის გამარჯვებას დაკავებულ მოჭიდავე ძმებ წულუკიძეებს და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უძღვნის. ამის შესახებ დათუნაშვილმა ტელეკომპანია მთავარს უთხრა.

"მინდა ეს გამარჯვება, პირველ რიგში მივუძღვნა ჩემს მუსლიმ ძმებს, წულუკიძეებს ვგულისხმობ, რომლებიც დღეს უკანონოდ არიან დაკავებულები, რომლებსაც მოუწყვეს პროვოკაცია. ბიჭები, რომლებიც დღეს წესიერების მაგალითი უნდა იყვნენ მთელი საქართველოსთვის, დღეს უკანონოს ზიან ციხეში. ასევე, ეს გამარჯვება ეძღვნება ნიკა მელიას, რომელიც დღეს საქართველოში არის თავისუფლების იდეის მატარებელი და ამისთვის ზის საპყრობილეში. მინდა ამ გამარჯვებით, ამ ხალხს, რაღაცნაირად ცოტა შევუმსუბუქო". - ამბობს დათუნაშვილი და ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

მოჭიდავე ძმები, ფირუზ და რევაზ წულუკიძეები შსს-მ 15 აპრილს დააკავა. უწყების ცნობით, 12 აპრილს გუმათჰესის დასახლებაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მათ ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. 


2019 წლის იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დაესხა თავს. ქვეყნის დატოვების მიზეზი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა. 

თავდასხმის ფაქტზე გეგა გეგეშიძე სამართალდამცავებმა 2019 წლის 22 იანვარს დააკავეს, თუმცა რამდენიმე დღეში სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ხუთიათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. ზურაბ დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძესთან დაპირისპირების მიზეზი ის კორუფციული ფონია, რომელიც ჭიდაობის ფედერაციაშია შექმნილი. 

ინციდენტის შემდეგ, ზურაბ დათუნაშვილი ამბობდა, რომ სპორტული კარიერის გაგრძელების ერთადერთი საშუალება ქვეყნის დატოვება იქნებოდა. 2019 წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ დათუნაშვილი მოლაპარაკებებს სერბეთის ჭიდაობის ფედერაციასთან მართავდა. 

აგვისტოში დათუნაშვილმა განაცხადა, რომ მის სერბეთში გადასვლას გეგეშიძე აქტიურად უშლიდა ხელს. სერბეთის სახელით ასპარეზობის გაგრძელების შესახებ ცნობილი გახდა სერბეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ინტერვიუდან.

კომენტარები