ცესკო

ვინ იქნება ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე – საკონკურსო კომისიამ 2 კანდიდატი შეარჩია

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეებისგან დაკომპლექტებულმა 11-კაციანმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციაზე ორი კანდიდატი შეარჩია. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, მათგან კომისიამ ხუთი შეარჩია. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს გიორგი კალანდარიშვილი ან გიორგი სანტურიანი.

წევრობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატს მხარი არ დაუჭირა, ხოლო წევრობის კანდიდატებიდან მხოლოდ 3-ს. 

"კომისიამ პრეზიდენტს წარუდგინა ცესკო-ს თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი, მე მგონია, რომ მათ მიმართ არ იქნება საზოგადოებაში მაღალი ნდობა. რაც შეეხება წევრობის კანდიდატებს, 3-ს მეც დავუჭირე მხარი. დანარჩენ 2-ს იმავე მიზეზით არ დავუჭირე მხარი". - ამბობს  ნიკა სიმონიშვილი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა, მაშინ, როდესაც რამდენიმე დღით ადრე, 22 ივნისს ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა. 

ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრება გაიარეს: ვილი პაჭკორიამ, მაია გურამიშვილმა გიორგი კალანდარიშვილმა, იმედა კლდიაშვილმა, გიორგი სანტურიანმა, ილია ჭანტურაიამ, ლილი ბეგიაშვილმა და ბონდო გასვიანმა.

კომენტარები