ავღანეთი

ავღანეთში თალიბანის დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი FBI-ის ძებნილთა სიაშია

სირაჯუდდინ ჰაკანი FBI-ის ძებნილთა სიაში
FBI

სირაჯუდდინ ჰაკანი თალიბანის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუძღვება. ინფორმაცია ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დაჯგუფებამ ახალი მთავრობა გამოაცხადა

სირაჯუდდინ ჰაკანი აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს, ანუ FBI-ის ძებნილთა სიაშია. სირაჯუდდინის ადგილსამყოფელზე ინფორმაციის სანაცვლოდ FBI-ის ჯილდო $5 მილიონი არის.

ვინ არის სირაჯუდდინ ჰაკანი?

სირაჯუდდინ ჰაკანი ანტი-საბჭოთა ჯიჰადის ერთ-ერთი მთავარი გენერლისა და ჰაკანის ქსელის დამაარსებლის, ჯალალუდდინ ჰაკანის შვილია. მას შემდეგ, რაც ჯალალუდდინი 2018 წელს დაავადებით მოკვდა, ჰაკანის ქსელის სათავეში სირაჯუდდინი ჩადგა. 

ჰაკანის ქსელი საკმაოდ ვიწრო წრეა, რომელიც განაგებს თალიბანის ფინანსურ და სამხედრო შესაძლებლობებს ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის მთიან რეგიონებში. მიიჩნევა, რომ თვითმკვლელი ტერორისტების სტრატეგია თალიბანის რიგებში მათი დანერგილია. ჯგუფს ქაბულში მომხდარ დაუნდობელ თავდასხმებში ადანაშაულებენ. 

ჰაკანის ქსელი ახლო კავშირშია ტერორისტულ დაჯგუფება ალ-კაიდასთან.

სირაჯუდდინი, გარდა იმისა, რომ ჰაკანის ქსელის ლიდერია, თალიბანის უმაღლესი მმართველის, ჰაიბათულაჰ ახუნდზადას მოადგილეც არის.

FBI-ის მიხედვით, სირაჯუდდი ჰაკანი 2008 წელს ჩართული იყო ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის მკვლელობის მცდელობაში.

– ვინ რას წარმოადგენს თალიბანში – დაჯგუფების ლიდერები და მნიშვნელოვანი პირები


აშშ-ს ავღანეთში შეჭრიდან თითქმის 20 წლის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლება კვლავ თალიბანის ხელში ჩავარდა. დაჯგუფებამ ქვეყანა ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა. მათი თქმით, ავღანეთში ომი დასრულდა.

დაჯგუფებამ ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. ქაბული დაჯგუფებას უბრძოლველად ჩაბარდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ.

დაჯგუფებასთან ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებებს მართავენ ავღანეთის 2001-2014 წლებში მოქმედი პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი და წინა მთავრობის წარმომადგენელი, აბდულა აბდულა.

პარალელურად, ქვეყნის ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, ამრულაჰ სალეჰმა თალიბანის წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყება გადაწყვიტა და პანჯშირის რეგიონში ჩავიდა. მის წინააღმდეგობას უერთდება აჰმად მასუდი, თალიბანის დაუძინებელი მტრის, აჰმად შაჰ მასუდის შვილი.

ვითარება გართულდა 26 აგვისტოს ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერმა, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინციამ (ISIS-K) აიღო.

აშშ-მ ავღანეთი შეთანხმებულ ბოლო ვადამდე, 31 აგვისტომდე დატოვა. შესაძლებელი გახდა 122 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია.

თალიბანმა და აშშ-მ შეთანხმება 2020 წლის თებერვალში, ტრამპის ადმინისტრაციის დროს გააფორმეს. შეთანხმების მიხედვით, იწყებოდა შიდაავღანური მოლაპარაკებები, აშშ-ს კი გაჰყავდა ჯარები. ჯარების გაყვანის ბოლო ვადა 2021 წლის 1-ელი მაისი იყო. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა, მან განაგრძო ჯარების გაყვანის პროცესი. ბოლო ვადა ჯერ 11 სექტემბრამდე გადაიდო, შემდეგ კი ითქვა, რომ ავღანეთს აშშ-ს ძალები 31 აგვისტოსთვის დატოვებდნენ.

კომენტარები