ნიდერლანდები

ნიდერლანდებში COVID-19-ის შეზღუდვების საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

Reuters

ნიდერლანდებში ბოლო 3 დღეში პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციები პარასკევს, 19 ნოემბერს როტერდამში დაიწყო და შაბათ-კვირასაც გაგრძელდა. აქციები სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა. როტერდამში პროტესტმა ძალადობრივი სახე მიიღო და პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნა. დემონსტრანტები პოლიციის მანქანებს ქვებს უშენდნენ და ქუჩებში ცეცხლი დაანთეს. ჰააგაში დემონსტრანტის ნასროლმა ქვამ სასწრაფო დახმარების მანქანის შუშა შეამტვრია, მანქანას საავადმყოფოში პაციენტი გადაჰყავდა.

ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ დემონსტრაციების მონაწილეები გააკრიტიკა და მათ იდიოტები უწოდა.

"ეს იყო წმინდა წყლის ძალადობა, რომელიც პროტესტად იყო შენიღბული. იმის გამო რომ კორონათი გამოწვეულ უბედურებას ამდენი ხანია ვუმკლავდებით, საზოგადოებაში მღელვარებაა, თუმცა არასოდეს მივიღებ იდიოტების მიერ ძალადობის გამოყენებას, მხოლოდ იმიტომ რომ უკმაყოფილო არიან" - თქვა პრემიერმინისტრმა.

ნიდერლანდებში შეზღუდვები 13 ნოემბრიდან გამკაცრდა, თუმცა კორონავირუსი ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ იზრდება. ორშაბათს ბოლო 24 საათის მონაცემებით ნიდერლანდებში კორონავირუსის 23 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ეს პანდემიის დაწყების შემდეგ სიდიდით მეორე მაჩვენებელია. გაზრდილი შემთხვევების გამო საავადმყოფოების გეგმიური სამედიცინო მომსახურების შეზღუდვა უწევთ.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ასოციაციის V&VN-ის თანახმად, ნიდერლანდებში შესაძლოა ისეთი მდგომარეობა შეიქმნას რომ საავადმყოფოებში რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში საკმარისი ადგილები აღარ დარჩეს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანა უკიდურესი მდგომარეობისგან შორს არის, თუმცა მთავრობამ უნდა განიხილოს მეტი შეზღუდვის დაწესების შესაძლებლობა, თუ ინფიცირების რაოდენობა ზრდას გააგრძელებს.

კომენტარები