ნიდერლანდები

ხეერტ ვილდერსი არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად პრემიერმინისტრის პოსტზე უარს ამბობს

ხეერტ ვილდერსი, რომლის პარტიამაც 2023 წლის ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, პრემიერმინისტრის პოსტზე უარს ამბობს. ვილდერსმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა

"მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გავხდე პრემიერმინისტრი თუ კოალიციის ყველა პარტია ამაზე თანახმა იქნება. ასე არ მოხდა" - დაწერა ხეერტ ვილდერსმა.

ხეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ (PVV) ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, თუმცა სამთავრობო კოალიციის შესაქმნელად მათ სხვა პარტიებთან გაერთიანება სჭირდებათ. ხეერტ ვილდერსის გუნდი სამ პარტიასთან, მემარჯვენე ცენტრისტულ VVD-სთან, ახალ სოციალურ კონტრაქტთან (NSC) და ფერმერების პარტიასთან მოლაპარაკებებს ჯერ კიდევ განაგრძობს.

ვილდერსის თქმით, მისთვის საუკეთესო გადაწყვეტა მემარჯვენე კოალიცია იქნებოდა, რომელიც იმიგრაციისა და თავშესაფრის მაძიებლების პრობლემას დაუპირისპირდებოდა ნიდერლანდებში. ჯერჯერობით პრემიერმინისტრის პოსტზე შესაძლო კომპრომისული კანდიდატების ვინაობა ცნობილი არ არის. 

კომენტარები