საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ (ITA), ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დაკვეთით, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის სინჯები ხელმეორედ გადაამოწმა და 13 სპორტსმენს დოპინგი აღმოუჩინა.
13 სპორტსმენს შორის ორი ქართველი ძალოსანი – რაულ ცირეკიძე და ირაკლი თურმანიძეც არის. ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც 2012 წელს თურქეთის ქალაქ ანტალიაში გაიმართა, ცირეკიძემ 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მძიმეწონოსანი (105+ კგ) თურმანიძე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ამ დროისთვის ორივე ქართველ ძალოსანს სპორტული კარიერა დასრულებული აქვს.
აღნიშნული დოპინგ-სინჯები თავის დროზე "უარყოფითად" შეფასდა. გერმანიის ქალაქ კიოლნში, მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, უახლესი მეთოდებით ჩატარებულმა განმეორებითმა კვლევამ კი სინჯებში რამდენიმე აკრძალული ანაბოლური სტეროიდის კვალი გამოავლინა.
ყველა სპორტსმენი ITA-ს მიერ ინფორმირებულია. მოქმედი ძალოსნები საქმის დასრულებამდე შეჯიბრებებს ჩამოშორებული არიან. მათ აქვთ უფლება მოითხოვონ სინჯების გადამოწმება.