კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

დიდ ბრიტანეთში ომიკრონის გავრცელების გამო განგაშის მეოთხე დონე გამოცხადდა

NBC

დიდ ბრიტანეთში შტამ ომიკრონის გავრცელების გამო განგაშის მეოთხე დონე გამოცხადდა. განგაშის მეოთხე დონე ნიშნავს, რომ ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ან მისი გავრცელების სიჩქარე სწრაფად მატულობს და გავრცელების შესაჩერებლად სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. დიდ ბრიტანეთში განგაშის ყველაზე მაღალი დონე მეხუთეა.

დიდ ბრიტანეთში განგაშის მეოთხე დონე 2021 წლის თებერვლიდან მაისამდე იყო გამოცხადებული, მაისის შემდეგ განგაშის დონე სამი იყო.

"არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ომიკრონის მოქცევის ტალღა მოდის. [...] ვშიშობ, რომ ახალი ვარიანტის ომიკრონის წინააღმდეგ ბრძოლაში საგანგებო მდგომარეობის წინაშე ვართ." - თქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა.

ომიკრონის სწრაფი გავრცელების გამო მომავალი კვირიდან ინგლისში ვაქცინის ბუსტერ დოზა 18 წელს ზევით ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პრემიერმინისტრის თქმით, მთავრობის მიზანია, რომ თვის ბოლომდე ბუსტერ დოზა ყველა მსურველმა გაიკეთოს.

"ნათელია, რომ ვაქცინის ორი დოზა უბრალოდა არ არის საკმარისი დაცვის იმ დონისთვის, რომელიც გვჭირდება. მაგრამ კარგი ამბავი ისაა, რომ მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ მესამე, ბუსტერ დოზას შეუძლია დაცვის დონე კვლავ გააძლიეროს" - თქვა ჯონსონმა.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მეცნიერები დანამდვილებით ვერ ამბობენ, არის თუ არა ომირკონი უფრო მსუბუქი გადასატანი.

"ეს სიმართლე რომც იყოს, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ის გაცილებით უფრო გადამდებია და ომიკრონის ბუსტერის გარეშე მოსახლეობაში შექმნის იმ დონის ჰოსპიტალიზაციის რისკს, რომელიც გადატვირთვას ჩვენს ჯანდაცვის სისტემას და სამწუხაროდ გამოიწვევს ბევრი ადამიანის სიკვდილს" - თქვა ჯონსონმა.

ბუსტერ დოზების პროგრამასთან დაკავშირებით ინგლისის მსგავსი მიზნები აქვს შოტლანდიასაც. ჩრდილოეთ ირლანდიაც გეგმავს ვაქცინაციის პროგრამის გააქტიურებას.

ვაქცინაციის დასაჩაქრებლად რეგიონში სამხედროების 42 ჯგუფი იქნება გაგზავნილი, ასევე შეიქმნება ვაქცინაციის დამატებითი მობილური პუნქტები. გახანგრძლივდება კლინიკების მუშაობის საათები. ვაქცინაციის პროგრამისთვის დაიწყება მოხალისეების მომზადება. დიდი ბრიტანეთის მთავრობა ასევე დამატებით თანხას გამოყოფს შოტლანდიაში, უელსში და ჩრდილოეთ ირლანდიაში ვაქცინაციის პროგრამების დასაჩქარებლად.

კომენტარები