კორონავირუსი საფრანგეთში

საფრანგეთში პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000-ს გადაცდა

euronews.com

25 დეკემბრის მონაცემებით, საფრანგეთში პანდემიის დაწყების შემდეგ დღიური შემთხვევების რეკორდული რაოდენობა, 104 611 აღირიცხა. კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მთავრობის წევრებთან ერთად ორშაბათს, 27 დეკემბერს განიხილავს.

პარასკევს, 24 დეკემბერს საფრანგეთის ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციით კორონავირუსის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზის გაკეთება უკვე მეორე დოზიდან სამ თვეში გახდა შესაძლებელი. მთავრობა ასევე განიხილავს მოქალაქეებზე კოვიდპასპორტის გაცემას მხოლოდ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების შემდეგ.

ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში უკვე შემოღებულია დამატებითი შეზღუდვები, მაგალითად სავოიის დეპარტამენტში ნიღბის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.

საფრანგეთში დეკემბრის დასაწყისთან შედარებით კორონავირუსის დღიური შემთხვევების რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა. 4 დეკემბერს 50 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხა და ამ პერიოდიდან ქვეყანაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება.

პანდემიის დაწყებიდან საფრანგეთში მთლიანობაში კორონავირუსის 9 088 371 შემთხვევა გამოვლინდა. Covid-19-ით გარდაიცვალა 122 546 ადამიანი. ამ დროისთვის სრულად აცრილია ქვეყნის მოსახლეობის 76.5%.

კომენტარები