სირია

სირიის ციხეში ISIS-ის ტერორისტები აჯანყდნენ, აშშ-ს დახმარებით ქურთებს ისინი ალყაში ჰყავთ

სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) წევრები ციხესთან
Associated Press

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქურთების კონტროლირებად ქალაქ ალ-ჰასაკაში მყოფი ციხე, რომელშიც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) შტურმით შესული ტერორისტები და ამავე დაჯგუფების პატიმრები არიან გამაგრებული, ქურთულ სამხედრო დაჯგუფებას, სირიის დემოკრატიულ ძალებს (SDF) ალყაში ჰყავთ მოქცეული. SDF-ს ზურგს უმაგრებენ ამერიკელი სამხედროები. 

ხუთშაბათს, 20 იანვარს ISIS-ის ტერორისტები თავს დაესხნენ ციხეს, სადაც მათი დაჯგუფების წევრები პატიმრობაში იმყოფებოდნენ. მათ ასაფეთქებლებით დატვირთული მანქანა საპყრობილის კართან ააფეთქეს. ამის შემდეგ ციხიდან ათეულობით ტერორისტი გაიქცა, ნაწილმა კი ციხე დაიკავა. ISIS-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანდა როგორ აღმართეს მათმა ტერორისტებმა ციხეზე დაჯგუფების შავი დროშა. 

SDF-ის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ დააკავეს გაქცეული 89 პატიმარი, თუმცა შემდეგ აღნიშნეს, რომ ციხის ტერიტორიაზე ტერორისტებმა რამდენიმე შენობა დაიკავეს და გამაგრდნენ. 

ამჟამინდელი მონაცემებით, მოვლენებს ემსხვერპლა, მინიმუმ, 120 ადამიანის სიცოცხლე. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული სირიული ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის სააგენტოს ცნობით, მოკვდა ISIS-ის სულ მცირე 77 ტერორისტი და SDF-ის 39 წევრი. ასევე, ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, მოვლენებს ემსხვერპლა 7 სამოქალაქო პირი. 

პენტაგონში დაადასტურეს, რომ აშშ-ს გაძღოლილმა ანტიტერორისტულმა კოალიციამ ციხეზე საჰაერო იერიში მიიტანა.

ალ-ჰასაკაში მყოფი ციხე სირიელი ქურთების კონტროლის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი საპატიმროა. ამჟამად უცნობია თუ რამდენი პატიმარი იყო ციხეში. შენობაში სავარაუდოდ ათასობით პატიმარი იმყოფება. დაპატიმრებულების ნათესავების ბრალდებით, ბევრი პატიმარი უმიზეზოდ არის დაჭერილი და ბრალდებაც კი არ აქვთ წარდგენილი. პატიმრებს შორის ბევრია არასრულწლოვანიც. განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ადგილობრივი არაბები, რომლებიც ქურთების კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ბრალდებებს SDF-ში უარყოფენ.

ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ერთ-ერთი ამერიკული ჯგუფის ინფორმაციით SDF-ის ციხეებში 12 000-მდე პატიმარი იმყოფება, რომელთაგან 2000-4000 კაცი დაახლოებით 50 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

მას შემდეგ, რა ISIS-მა 2019 წელს სირიაში, აშშ-ს ანტიტერორისტული კოალიციის ძალისხმევით, ტერიტორიებზე კონტროლი სრულად დაკარგა, დაჯგუფება კვლავ პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა. ისინი თავს ესხმიან როგორც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ისე SDF-ის ძალებს. მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნეები ციხეებია, საიდანაც საკუთარ თანამოაზრეებს ათავისუფლებენ.

კომენტარები