თურქმენეთი

თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მარტში ჩატარდება

  თურქმენეთის პრეზიდენტი ბერდიმუხამედოვი თბილისში გამართულ ბრიფინგზე
REUTERS/David Mdzinarishvili

თურქმენეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მარტში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ქვეყნის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თქვა, რომ მზადაა "ძალაუფლება ახალ თაობას დაუთმოს".

ექსპერტთა შეფასებით, ბერდიმუხამედოვის განცხადებაში აქცენტი ახალ თაობაზე უნდა მიანიშნებდეს მის სურვილს, რომ შვილს, სერდარს გადასცეს საკუთარი თანამდებობა. სერდარ ბერდიმუხამედოვი იკავებდა მთელ რიგ სამთავრობო პოსტებს და ახლა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეა. 

თურქმენეთის პარლამენტმა არჩევნები 12 მარტს ჩანიშნა. 

პოსტსაბჭოთა თურქმენეთში ჯერ არ ჩატარებულა კონკურენტულად და სამართლიანად შეფასებული არჩევნები. ბერდიმუხამედოვმა უკანასკნელ არჩევნებში 2017 წელს - მაშინ, როცა მას 8 კანდიდატი დაუპირისპირდა, ხმების 97%-ზე მეტი მოიპოვა.

გურბანგულ ბერდიმუხამედოვი პრეზიდენტი 2006 წელს, საფარმურატ ნიაზოვის გარდაცვალების შემდეგ გახდა. მანაც, ნიაზოვის მსგავსად, ჩამოაყალიბა საკუთარი პიროვნების კულტი.

თურქმენეთს COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ დაუფიქსირებია. ამასთანავე, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქმენეთში სიტყვა "კორონავირუსის" გამოყენებაც კი აიკრძალა. 

კომენტარები