გარემოვაჭრეები

მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღეს

თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, 17 თებერვალს, ღამით, მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღეს. დილით ადგილზე მისულ მოქალაქეებს დახლების ხელახლა დადგმის უფლება არ მისცეს.  

მერია კონსტრუქციების აღების მიზეზებად მოქალაქეების მიმართვასა და ტროტუარის დაკავების გამო გადაადგილების შეფერხებას ასახელებს. მათივე ცნობით, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, მერმა, კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებელს, კახა სამხარაძეს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. 

"სამგორის გამგეობის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად, ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს შესთავაზებს. კერძოდ, ისინი სამი თვის განმავლობაში, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან, ხოლო შემდგომში საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, გარემოვაჭრეებსა და შპს ვარკეთილი 96-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებიც გაიმართა. მუნიციპალურმა ინსპექციამ კი მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარედ გარევაჭრობის აღკვეთის მოთხოვნით, მუნიციპალიტეტის მერიას, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციასა და რაიონულ გამგეობას მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდებოდა, ტროტუარის დაკავების შედეგად, გადაადგილება ფერხდებოდა". - წერია განცხადებაში.

18 თებერვლის დილით ადგილზე მისული გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიამ მათ დახლების აღება "ხედის დამახინჯებით"  განუმარტა.  

"[განმარტება იყო] რომ ხედს ვამახინჯებთ, თბილისის ქუჩებს ვამახინჯებთ, ამიტომ გარე გამწვანება უნდა გააკეთონ, რომ ქალაქი იყოს ლამაზი. რომელ სილამაზეზეა ლაპარაკი, როცა ადამიანს პურის ფული არ აქვს?!" - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე ფორმულასთან.  

ვარკეთილის მეტროსადგურთან გარე ვაჭრობის აკრძალვაზე კახა კალაძემ 26 იანვარს ისაუბრა. კალაძემ თქვა, რომ "ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა იმასთან დაკაშირებით, რომ  მეტროსადგურ ვარკეთილის ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს". 

კომენტარები