რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

УП: იანუკოვიჩი მინსკშია, კრემლს მისი უკრაინის პრეზიდენტად დანიშვნა სურს

ვიქტორ იანუკოვიჩი და ვლადიმირ პუტინი, სოჭი, 2014 წელი

Українська правда-ს ინფორმაციით, უკრაინიდან გაქცეული ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ამჟამად ბელარუსში, მინსკში იმყოფება და მას სპეცოპერაციისთვის ამზადებენ. ინფორმაციას უკრაინულ გამოცემას უკრაინის დაზვერვის ანონიმური წყარო აწვდის. 

მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი შესაძლო სცენარია მინსკში იანუკოვიჩის "უკრაინის პრეზიდენტად" გამოცხადება. 

როგორც ანონიმური წყარო იუწყება, კრემლი, შესაძლოა, ამზადებდეს საინფორმაციო ოპერაციას ან აქციებს იანუკოვიჩის დაბრუნების მოთხოვნით. ასევე, შესაძლებელია გამოქვეყნდეს მისი სახელით უკრიანელი ხალხისადმი მიმართვა. 

პრორუსი ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან ევრომაიდანის მოვლენების შედეგად გაიქცა და თავი რუსეთს შეაფარა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები