აშშ-ერაყი

ერაყში, ქურთების ავტონომიურ რეგიონში აშშ-ს საკონსულოს ბალისტიკური რაკეტები ესროლეს

ერაყში, ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ერბილში აშშ-ს საკონსულოს მიმართულებით, სულ მცირე, 12 ბალისტიკური რაკეტა ისროლეს. მათი ნაწილი შენობას მოხვდა. ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ადასტურებენ.

Reuters-თან საუბრისას აშშ-ს მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავდასხმის უკან ირანი დგას. წყარო ანონიმურობას ინარჩუნებს და დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ჯგუფს არ აუღია. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მომხდარს "აღმაშფოთებელი თავდასხმა" უწოდა. მისივე თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

გასული წლის სექტემბერში, ერბილში აშშ-ს სამხედროების მიერ კონტროლირებად აეროპორტს თავს დრონებით დაესხნენ.

ბოლო წლის განმავლობაში ერბილის აეროპორტი რამდენჯერმე გახდა თავდასხმის სამიზნე. ასაფეთქებელი ნივთიერების გადამტანი დრონებით აეროპორტს აქამდეც დასხმიან თავს. აშშ ძველ თავდასხმებს მიაწერდა ირანის მიერ დაფინანსებულ შიიტურ დაჯგუფებებს, რომლებმაც ფიცი დადეს, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებდნენ, სანამ ერაყში დარჩენილი ამერიკელი 2 500 სამხედრო ქვეყანას არ დატოვებდა.

კომენტარები