ნიკა გვარამის საქმე

კობახიძე ლაშა ჩხიკვაძეზე: სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა

ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავჯდომარის, ირაკლის კობახიძის თქმით, ტყუილია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, აშშ-ის მთავრობის დაფინანსებულ პროგრამაზე შეერთებულ შტატებში გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიცია აშშ-ს  დისკრიმინაციაში, სასამართლოს ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში სდებს ბრალს. 

"ბუნებრივია, აშს-ის საელჩო, ენმ-ის მეთოდებით მოქმედებას, მოსამართლის დისკრიმინაციას, სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და არაფორმალური მმართველობის მცდელობას არასოდეს იკადრებს. მე ამის ღრმად მწამს. ან რატომ ჰგონიათ, აშშ-ში წასვლა, არწასვლის გამო რომელიმე მოსამართლე ვინმემ გავლენის ქვეშ მოაქცია. ვინმეს მართლაც, რომ ეკადრებინა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება ეს პირიქით უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ. საქართველოში იციან კოლეგიალობის და ღირსების ფასი". – თქვა კობახიძემ.

ქართული ოცნების თავჯდომარე აშშ-ს საელჩოს თხოვნით მიმართავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელონ.

"აშშ-ის საელჩოს მხრიდან უხერხულიც კი იქნება იმაზე საუბარი, რომ სისხლის სამართლის დანაშაული და დისკრიმინაცია არ ჩაუდენია, თუმცა სპეკულაცია გრძელდება და ამ სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა. თუ საელჩო შესაბამის განცხადება არ გაავრცელებს, რაც გასაგები იქნება სრულიად, ქართულ საზოგადოებას სრული უფლება ექნება, მიიჩნიოს, რომ საუბრები მოსამართლის დისკრიმინაციის შესახებ რადიკალური ოპოზიციის მორიგი დემაგოგია და სპეკულაცია იყო". – ამბობს კობახიძემ.

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

გვარამიას დაკავება კრიტიკულად შეაფასეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და სახალხო დამცველმა. ევროპარლამენტარმა რასა იუკევიჩიენემ მთავარი არხის დირექტორის დაკავებას ევროკავშირში გაწევრიანების საბოტაჟი უწოდა, ხოლო ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის თქმით, გვარამიას დაკავება EU-ს წევრობის განაცხადის ფონზე იგნორირებული ვერ იქნება.

გვარამიას დაკავების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა, ჯიმ რიშმა დაწერა, რომ მას პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით შეეფარდა, ხოლო საქართველოში აშშ-ს საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ მთავარი არხის დირექტორის დაკავება საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი ეჭვქვეშ აყენებს. საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ დაკავებას აბსურდული სამართლიანობა უწოდა, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ხელისუფლება სასამართლოს ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.

გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა პოლონეთის საგარეო უწყებამაც, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა და ყურადღება საქართველოში მედიის თავისუფლების საფრთხეებზე გაამახვილა. მთავარი არხის დირექტორის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლასი, რომელმაც თქვა, რომ გადაწყვეტილება კითხვებს აჩენს.

აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში Amnesty International-ის დირექტორმა, მარი სტრუტერსმა გვარამიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა უწოდა და თქვა, რომ იგი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.

კომენტარები