თბილისის მერია

თბილისის მერია: ხვალიდან ონლაინ-აპლიკაციებს ჩვეულ რეჟიმში გამოიყენებთ

თბილისის მერიის ცნობით, მომხმარებლები სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის გამოყენებას 22 აგვისტოდან ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ. ეს აპლიკაციები ბოლო კვირის განმავლობაში ხარვეზებით მუშაობდა. 

მერიის ცნობით, სისტემის განახლების გამო, რომელიც 15 აგვისტოს დაიწყო, მომხმარებლებს ტექნიკური შეფერხებები შეემთხვათ და ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხარებლები ელექტრონული სისტემების სრულად გამართვამდე არ ჯარიმდებოდნენ. მერიის განცხადებით, ეს შეფერხებები ამ დროისთვის აღმოფხვრილია. 

"თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, მოხდა სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს.

მონაცემთა სრულყოფისთვის, მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ.

ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე - 1399". – წერია განცხადებაში. 

კომენტარები