თბილისის მერია

კალაძე: მეგობრებო, ლიფტები თქვენი საკუთრებაა, უნდა უზრუნველყოთ მათი მოწესრიგება

თბილისის მერია

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, გამოეხმაურა ვაზისუბანში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმრის ჩავარდნასა და დაღუპვას.  კალაძის თქმით, ლიფტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია კორპუსის ამხანაგობა, თუმცა მათ ფინანსურ დახმარებას შესაბამისი გამგეობებიც უწევენ. 

"მინდა, განმარტებები გავაკეთო, რადგან იყო მცდელობა, იყვნენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიცრუის გავრცელებას. საუბარი იყო მერიის, ჩვენი სამსახურების  დადანაშაულებაზე. შეიძლება, ბევრმა არ იცის რეალობა, ბევრი შეიძლება, მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან კარგა ვიცით, სამწუხაროდ, როდესაც ტრაგედია ხდება, არის სპეკულაციები და პოლიტიკით გაჯერება კონკრეტული სამწუხარო შემთხვევების. რაც შეეხება ლიფტების უსაფრთხოებას და მასთან დაკავშირებულ შეკითხვებს, რაც ბუნებრივია, ბევრს გაუჩნდა. მოსახლეობას მინდა შევახსენო და მივაწოდო ინფორმაცია, რა წესია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში უზრუნველყოფილი იყოს ლიფტების უსაფრთხოს ექსპლუატაცია. არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება, ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ, კერძოდ ამხანაგობა ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნით განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზებს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს".- ამბობს კალაძე. 

მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად 40 მილიონამდე ხარჯავს ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსებების პროგრამაზე, რომელიც ფარგლებშიც, გამგეობები სხვადასხვა საჭიროებებს აფინანსებენ. 

"მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, რეაბილიტაცია, განახლება. თუმცა, ჩვენ გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს ამ მიმართულებით პრობლემები, არის გაჭირვება, ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობას შევუწყოთ ხელი. ეს შეიძლება იყო სხვადასხვა სოციალური, ჯანდაცვის პროგრამები და ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიმართულებით გვაქვს გარკვეული პროგრამები, რომლებიც გამოხატავს თანადგომას, რომ თქვენს საცხოვრებელ კორპუსებში, ჩვენი თანადგომით და მხარდაჭერით, თანადაფინანსებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტები. პრიორიტეტებს განსაზღვრავთ თქვენ ამხანაგობის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით".- თქვა კალაძემ. 

კალაძე ამბობს, რომ თანადაფინანსების პროგრამით სარგებლობისთვის საჭიროა, ჩატარდეს ლიფტის ტექნიკური მდგომარეობის ექსპერტიზა, გამოვლინდეს აქვს თუ არა ლიფტს რაიმე ხარვეზი და  თუ ლიფტს სჭირდება შეკეთება, ამხანაგობამ უნდა მიმართოს გამგეობას, რომელიც "შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ფინანსურ მხარდაჭერას".

 

კომენტარები