ოლიმპიური თამაშები

35-მა ქვეყანამ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ოლიმპიადაზე არდაშვება მოითხოვა

ვოლოდიმირ ზელენსკი ესწრება ონლაინ შეხვედრას 35 ქვეყნის სპორტის მინისტრებთან, რათა განიხილონ რუსი და ბელორუსი სპორტსმენების აკრძალვა 2024 წლის ოლიმპიადაზე.
Reuters

35 ქვეყნისგან შემდგარმა ჯგუფმა, მათ შორის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და იაპონიამ, ერთხმად მოითხოვა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების 2024 წლის ოლიმპიადაზე არდაშვება. ამის შესახებ პარასკევს, 10 თებერვალს ლიტვის სპორტის მინისტრმა იურგიტა სიუგზდინიენმა ისაუბრა

"ჩვენ მივდივართ იმ მიმართულებით, რომ ბოიკოტი არ დაგვჭირდეს, რადგან ყველა ქვეყანა ერთსულოვანია". – თქვა სიუგზდინიენმა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო 35 ქვეყნის მინისტრებისგან შემდგარ ონლაინ შეხვედრაში, რომლის მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების აკრძალვისკენ მოწოდება იყო. 

შეხვედრაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 228 უკრაინელი სპორტსმენი და მწვრთნელი რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა.

"თუ არსებობს ოლიმპიური სპორტი მკვლელობებით და სარაკეტო დარტყმებით, თქვენ იცით, რომელი ეროვნული ნაკრები დაიკავებს პირველ ადგილს". – უთხრა უკრაინის პრეზიდენტმა მინისტრებს.

ლიტვის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ზელენსკის გზავნილი მონაწილეებისთვის იყო ის, რომ ნეიტრალიტეტის პრინციპები არ შეიძლება გავრცელდეს რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე.

გარდა ამისა, ბრიტანეთის სპორტის მინისტრმა, ლუსი ფრეიზერმა Twitter-ზე დაწერა, რომ შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო.

"მე ძალიან მკაფიოდ გამოვხატე დიდი ბრიტანეთის პოზიცია: სანამ პუტინი აგრძელებს ბარბაროსულ ომს, რუსეთი და ბელარუსი არ უნდა იყვნენ ოლიმპიადაზე წარმოდგენილი". – წერს ფრეიზერი.

ამასთანავე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა უკრაინას მოუწოდა, ბოიკოტის მუქარაზე უარი თქვას. კომიტეტის თანახმად, ბოიკოტი დაარღვევს ოლიმპიურ ქარტიას, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე რუსებისა და ბელარუსების ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობა შესაბამისია გაეროს რეზოლუციასთან, რომელიც ოლიმპიური მოძრაობის ფარგლებში დისკრიმინაციის წინააღმდეგაა მიმართული.

კომენტარები