ბელარუსი-რუსეთი

პესკოვი: პუტინი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით აზრს არ შეიცვლის

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დასავლეთის უარყოფითი რეაქცია ვლადიმირ პუტინის გეგმებზე, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღი განათავსოს, გავლენას არ იქონიებს. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო, RIA Novosti ავრცელებს.

"რუსეთის გეგმები არ შეიცვლება ასეთი რეაქციით. პრეზიდენტმა ყველაფერი ახსნა თავის განცხადებებში, რომელიც მან შაბათს ინტერვიუში გააკეთა. დასამატებელი არაფერია". - აღნიშნავს პესკოვი. 

25 მარტს მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა Россия 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს ბირთვულ იარაღს არ გადასცემენ, არამედ მის ტერიტორიაზე განათავსებენ. 

26 მარტს NATO-მ პუტინის განცხადება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი სიტუაციას აკონტროლებს. 

გარდა ამისა, უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მოსკოვსა და მინსკს შორის, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა.

ბორელის თქმით, ბელარუსს შეუძლია, არ დაუშვას მის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი დამატებითი სანქციებით გასცემს პასუხს.

კომენტარები