ბელარუსი-რუსეთი

ლუკაშენკოს თქმით, მინსკმა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება უკვე დაიწყო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მინსკმა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება უკვე დაიწყო.

"ჩვენ გვაქვს რაკეტები და ბომბები, რომლებიც რუსეთისგან მივიღეთ. ბომბები სამჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ბომბები". - თქვა ლუკაშენკომ რუსეთის სახელმწიფო ტელეარხთან ინტერვიუში. 

გარდა ამისა, ლუკაშენკომ დასძინა, რომ რუსეთისგან მიღებული ბირთვული იარაღიდან ზოგიერთი სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-ს მიერ 1945 წელს ჰიროშიმასა და ნაგასაკიში ჩამოგდებული ატომური ბომბები.

ლუკაშენკომ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა, გუშინ, 13 ივნისს აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღი ბელარუსის ტერიტორიაზე რამდენიმე დღეში განთავსდებოდა. მისივე თქმით, მინსკს შეუძლია ისეთი პირობების უზრუნველყოფა, რომელიც საჭიროა გაცილებით გრძელი რადიუსის მქონე რაკეტების მიღება-განთავსებისთვის.

აქამდე ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება რუსეთის მიმართ მისი დაჟინებული მოთხოვნა იყო.

კითხვაზე, თუ რატომ დასჭირდება ბელარუსს ბირთვული იარაღი და რა პირობებია მისი შენახვისა და გამოყენებისთვის, ლუკაშენკომ უპასუხა: "რაში გვჭირდება ეს? იმისათვის, რომ ბელარუსის მიწაზე ფეხი ვეღარ დადგას ნებისმიერმა ნაბიჭვარმა."

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით კი, ბელარუსში ბირთვული იარაღი 7-8 ივლისის შემდეგ განთავსდება. მისი თქმით, ბირთვული იარაღის შესანახი ობიექტების მომზადება სწორედ ამ პერიოდში დასრულდება.


25 მაისს, რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთი არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ბელარუსის ტერიტორიაზე განათავსებს, თუმცა ბირთვულ იარაღს ბელარუსს არ გადასცემს და კონტროლის გამოყენების გადაწყვეტილების უფლება ისევ რუსეთის ხელში იქნება.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ "მომავალში შესაძლოა დამატებითი ზომების მიღება მოკავშირე სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე რეაგირებისთვის".

კომენტარები