ევროპის საბჭო

ევროკავშირის საბჭომ მოლდოვაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად სამოქალაქო მისია შექმნა

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

ევროკავშირის საბჭომ მოლდოვის რესპუბლიკაში საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის პარტნიორობის სამოქალაქო მისია შექმნა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი

ამავე ინფორმაციით, სამოქალაქო მისიის მიზანია, ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის მდგრადობა კრიზისების მართვისა და ჰიბრიდული საფრთხეების, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, და უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის მიმართ გააძლიეროს. 

"მოლდოვა არის უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის შედეგებით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა და ჩვენ ვხედავთ რუსეთის მზარდ მცდელობებს, ჰიბრიდული ქმედებებით მოლდოვაში ვითარების დესტაბილიზაცია მოახდინოს. დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვის მიმართ მისი უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ამჟამინდელ რთულ ვითარებაში ამ ახალი მისიის განთავსება ევროკავშირის მხარდაჭერის მორიგი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშანია". - თქვა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

გარდა ამისა ევროკავშირის საბჭომ მიაღწია ფართო შეთანხმებას სანქციების ახალ მექანიზმთან დაკავშირებით იმ პირების წინააღმდეგ, ვინც მოლდოვაში დესტაბილიზაციას ახდენს. ასევე, საბჭო შეთანხმდა, რომ მოლდოვას თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად ევროპული სამშვიდობო ფონდიდან დამატებითი 40 მილიონი ევროს გამოიყოფა.

კომენტარები