მეხის დაცემა

ჯარისკაცი, რომელსაც ახალციხეში მეხი დაეცა, რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა

ჯარისკაცი, რომელსაც ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე მეხი დაეცა, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განაცხადა.

"დამწვრობის ცენტრში გუშინ ღამით ახალგაზრდა მამაკაცი შემოვიდა. ის რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული და მართვით სუნთქვაზეა. მას საკმაოდ სერიოზული ტრავმა აქვს მიღებული. სავარაუდოდ, ელვით, ე.წ. მეხის დაცემით. რაც შეეხება ამწუთას მის მდგომარეობას, სტაბილიზაციას ვინარჩუნებთ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტრავმა საკმაოდ სერიოზულია [...] დამწვრობა აღენიშნება გულ-მკერდის წინა ზედაპირსა და ქვემო კიდურებზე, III B-IV ხარისხის, თუმცა, რა თქმა უნდა, აქ წამყვანი მისი ზოგადი მდგომარეობაა [...] მიღებული ტრავმიდან ძალიან ცოტა დროა გასული, რომ გადაწყვეტით რამე ვთქვათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საკმაოდ სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული". - თქვა გუგა ქაშიბაძემ. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე გეგმური საველე სწავლების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ.

კომენტარები