მთიანი ყარაბაღი

ფაშინიანი: მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანი მძიმე პაციენტების გამოყვანის საშუალებას არ იძლევა

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია, აზერბაიჯანი კი მძიმე პაციენტების ტრანსპორტირების საშუალებას არ იძლევა.

"მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, შეჩერებულია სურსათისა და აუცილებელი საქონლის მიწოდება, დაფიქსირებულია მედიკამენტების მნიშვნელოვანი დეფიციტი. ამ პირობებში აზერბაიჯანი მძიმე ავადმყოფების გადაყვანის საშუალებასაც კი არ იძლევა. ყველაფერი კეთდება, რათა მთიან ყარაბაღში სომხების ცხოვრება შეუძლებელი იყოს. ეს არის ეთნიკური წმენდის პოლიტიკა, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით". - თქვა ფაშინიანმა.

ამასთან, სომხეთის პრემიერმინისტრი მთიანი ყარაბაღის კრიზისის დასაძლევად აზერბაიჯანს ორ გამოსავალს სთავაზობს – ლაჩინის დერეფნის გახსნის შესახებ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რაზეც ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა უარი თქვა და  ბაქო-სტეფანაკერტის დიალოგის საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედება, რაზეც მხარეები შეთანხმებას ვერ ახერხებენ.


22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

86 600 და 29 800 კვადრატული კილომეტრი – ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამავეს ელოდა ბაქოსგან.

ფაშინიანმა ამას გარდა აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ყარაბაღში გაიგზავნოს ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისია.

ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებამდე, გასულ დღეებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი შეტაკებები მოხდა. 

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

25 მაისს კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

კომენტარები