მთიანი ყარაბაღი

სტეფანაკერტი ბაქოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

სტეფანაკერტი

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პოლიციის ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და ცეცხლი გახსნეს.

"აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, სტეფანაკერტის მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისვრიან. სროლის ხმა დედაქალაქის ცენტრშიც ისმის". - ნათქვამია ყარაბაღის პოლიციის განცხადებაში

განცხადების თანახმად, "გადაუდებელი ზომების მისაღებად" სტეფანაკერტმა რუს სამშვიდობოებსაც მიმართა. უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე ქალაქის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სტეფანაკერტზე შეტევის განახლება უარყო. მიუხედავად ამისა, ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა სტეფანაკერტის ორი უბანი აიღეს.

არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ბაბაიანმა Armenia Today-ს უთხრა, რომ "სიტუაცია უკიდურესად მძიმეა".

პარალელურად, დღეს ევლახში ყარაბაღელი სომხების დელეგაციასა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის პირველი მოლაპარაკებები გაიმართა. შეხვედრის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.


რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა. შეთანხმების მიხედვით, სომხური ფორმირებები დაყრიდნენ იარაღს, დატოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს, მძიმე ტექნიკას გადასცემდნენ აზერბაიჯანს, ასევე გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც რეინტეგრაციის საკითხსა და ყარაბაღელი სომხების უფლებებს განიხილავენ.

კომენტარები