მთიანი ყარაბაღი

მთიანი ყარაბაღიდან შიმშილით გარდაცვლილი ადამიანის შესახებ პირველ ცნობას ავრცელებენ

მთიანი ყარაბაღის ადგილობრივი ხელისუფლება შიმშილით გარდაცვლილი ადამიანის შესახებ პირველ ცნობას ავრცელებს. 40 წლის მამაკაცი აზერბაიჯანის მიერ მოწყობილ 8-თვიან ბლოკადას ემსხვერპლა.

ადგილობრივი სახალხო დამცველის ოფისის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მამაკაცი "ქრონიკული კვების უკმარისობით" და "პროტეინისა და ენერგიის დეფიციტით" დაიღუპა. განცხადებას თან ახლავს გარდაცვლილი მამაკაცის დასუსტებული სხეულის ფოტო.

მთიანი ყარაბაღის სახალხო დამცველის ოფისი მამაკაცის გარდაცვალებაში აზერბაიჯანის როლს ხაზს უსვამს და მომხდარს "აზერბაიჯანის მიერ არცახის 8-თვიანი ბლოკადის კატასტროფულ შედეგს" უწოდებს.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბლოკადამ მძიმე შედეგები მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობას, "განსაკუთრებით საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ნაწილს – ბავშვებს, ორსულებს, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებსა და მოხუცებს".

მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 120 000 ადამიანია, რომლებიც რეგიონის დატოვებას დეკემბრიდან, ლაჩინის ბლოკადის შემდეგ ვერ ახერხებენ. ბლოკირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი ხალხისთვის საკვების, მედიკამენტებისა და სხვა პირველადი გამოყენების ნივთების მიწოდებას დროგამოშვებით წითელი ჯვრის თანამშრომლები და რუსი სამშვიდობოები ახერხებდნენ, თუმცა, აზერბაიჯანულმა მხარემ რეგიონში მათი შესვლაც შეზღუდა.


2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბახში ვითარება დაძაბულია. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ რუსეთის როლი მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დინამიკაში საგრძნობლად შემცირდა. უკანასკნელ პერიოდში აღნიშნული ვაკუუმი ევროკავშირმა და აშშ-მ შეავსეს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ადასტურებენ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების სურვილს, თუმცა, დღემდე რჩება კონფლიქტური სიტუაცია ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით, რომელსაც სომხური მხარის მტკიცებით აზერბაიჯანი ბლოკავს. ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და მთიან ყარაბახში მცხოვრები სომხების დამაკავშირებელი გზაა, რომელსაც 2020 წლის შეთანხმებით რუსი სამშვიდობოები უნდა აკონტროლებდნენ. 

კომენტარები