შოთა არველაძე

არველაძე: უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია

ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, შოთა არველაძე 5 აგვისტოს უკრაინის მხარდამჭერ, საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში გაიმართება. არველაძე ამბობს, რომ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

"მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო საფეხბურთო მატჩში, რომელიც უკრაინის ეროვნული ნაკრების კაპიტნის, ოლეკსანდრ ზინჩენკოსა და ლეგენდარული ფეხბურთელის, ანდრეი შევჩენკოს ორგანიზებით, ლონდონში გაიმართება. მსოფლიო ფეხბურთის მოქმედ და ყოფილ ვარსკვლავებთან ერთად, 5 აგვისტოს, კიდევ ერთხელ ვითამაშებთ მხარდაჭერისთვის, მშვიდობისთვის, ბავშვებისთვის და მათი მომავლისთვის. უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ყველა ეტაპზე და განსაკუთრებით ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩში მონაწილეობას 20-ზე მეტი ქვეყნისა და ეროვნული ნაკრების წარმომადგენელი მიიღებს. შევხვდებით სტადიონ სტემფორდ ბრიჯზე". - წერს შოთა არველაძე Facebook-ზე.

უკრაინის მხარდამჭერი საქველმოქმედო მატჩი Game4Ukraine 5 აგვისტოს ლონდონში, საფეხბურთო კლუბ ჩელსის სტადიონზე გაიმართება. თამაშიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო პლატფორმა United24-ს გადაეცემა. მატჩში, რომელშიც მსოფლიოს არაერთი ცნობილი ფეხბურთელი მიიღებს მონაწილეობას, ერთმანეთს "ლურჯი" და "ყვითელი" გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებსაც უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი და მოქმედი კაპიტნები, ანდრეი შევჩენკო და ოლეკსანდრ ზინჩენკო გაუძღვებიან.

კომენტარები